აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობის თანხა "ტყდება" - მალხაზ პატარაია
აუდიტის სკანდალურ დასკვნას, რომელიც დევნილთა მომსახურების სააგენტოში არსებულ კორუფციაზე მიუთითენს, პლატფორმა „აფხაზთა კრების“ ლიდერი მალხაზ პატარაია ეხმიანება. პატარაია პირდაპირ ამბობს, რომ უწყებას, რომელიც დევნილებისთვის არაფერს აკეთებს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს, ყველაზე გულქვა და ნეპოტიზმით მოსული მინისტრი მართავს.
აფხაზეთის ბიუჯეტიდან, ჟარგონზე რომ ვთქვათ, „ტყდება“ ძალიან დიდი რაოდენობის თანხა. საუბარია, ამ დასკვნის მიხედვით, 700 ათას ლარზე, რომლიდანაც 80% იხარჯება ხელფასებზე, 300 ათასი დევნილიდან მოემსახურა სულ 200 დევნილს და ისიც არ გაუკეთებია. ანუ დასკვნა ამბობს, რომ ამ სამუშაოების თავი, ბოლო, ვერაფერი გავიგეთო. ეს „დევნილთა არისტოკრატია“ ხალხისთვის არაფერს აკეთებს, მაგრამ აკეთებს ხელისუფლებისთვის. ისინი პერიოდულად, ყოველი არჩევნების დროს არიან მათთვის კოორდინატორების და ხმების მოპოვების საკმაოდ დიდი ყულაბა. ამ სამინისტროს სათავეში უდგას, ჩემი აზრით, მთელი ამ 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური და გულქვა მინისტრი - დავით ფაცაცია. თვითონ ის არის ამ ნეპოტიზმის პროდუქტი, იმიტომ, რომ მას მზითვად ერგო ეს თანამდებობა, იმიტომ, რომ ის გახდა მაღალჩინოსნის, კობახიძის სიძე, - ამბობს პატარაია.
აუდიტის ხმაურიან დასკვნას დევნილთა მომსახურების სააგენტო ამ დრომდე არ გამოხმაურებია. არაფერს ამბობს აფხაზეთის მთავრობის მინისტრიც. "პირველები" მთელი დღეა ცდილობს დავით ფაცაციასთან დაკავშირებას, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.