მდინარე მაგანას კალაპოტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ცნობით, დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება მოხდა ვერტმფრენის საშუალებით.
როგორც უწყება ამბობს, მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. მისივე თქმით, მდინარის კალაპოტში ნაკადის შეგუბების კვალიც არ არის და ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია.
"დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე უშუალოდ მდინარის კალაპოტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით - მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია.
112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, სპეციალისტებმა ასევე დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობა. მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შესწავლას ითხოვდნენ. ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე საფრთხე არ არის," -ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 8 სექტემბერს წალენჯიხის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას წყლის ნაკადი შემცირებულია. მათი თქმით, მოსახლეობა ამას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებდა.