პანსიონში შექმნილი ვითარება იყო და არის უკიდურესად საგანგაშო - 38 ორგანიზაციის განცხადება

06.06.21 14:02
პანსიონში შექმნილი ვითარება იყო და არის უკიდურესად საგანგაშო - 38 ორგანიზაციის განცხადება

ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე 38 ორგანიზაცია ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია,  რომ პანსიონში შექმნილი ვითარება იყო და არის უკიდურესად საგანგაშო.

მივესალმებით სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანას დიდი ზომის დახურული ტიპის ინსტიტუციიდან. მნიშვნელოვანია პანსიონიდან გამოიყვანონ ყველა აღსაზრდელი.

ამ მომენტიდან მოცემული კრიზისის გადაჭრა და ბავშვებზე ზრუნვა კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს, კერძოდ:

1) კრიზისის მართვის (გარდამავალ) პერიოდში აუცილებელია ბავშვებისათვის დაცული, უსაფრთხო, მათი განვითარებისა და გადატანილ სტრესთან გამკლავებისთვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა;

2) კრიზისის გადასაჭრელად, აუცილებელია ყველანაირი ძალისხმევა მივმართოთ ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებისკენ, ამისთვის კი საჭიროა - ოჯახების ხელშეწყობასა და გაძლიერებაზე ზრუნვა. იქ, სადაც ოჯახებში დაბრუნება შეუძლებელია, აუცილებელია ბავშვების უზრუნველყოფა ზრუნვის ალტერნატიული, ბავშვის უფლებებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფორმებით;

3) წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს (IRCT) შეფასებით, ფაქტები, რომლებიც ამ დღეებში ყოფილი აღსაზრდელების საუბრიდან გამომჟღავნდა, უტოლდება წამებას და არასათანადო მოპყრობას. შესაბამისად, საჭიროა ამ სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება და ფაქტების დოკუმენტირება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამისთვის უნდა შედგეს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი პროფესიონალებით (იურისტები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები);

4) ასევე, აუცილებელია წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ეჭვიმიტანილ პირთა მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე;

5) ამ დღეებში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლების თანდასწრებით მიმდინარეობს ბავშვების დაკითხვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვები იმყოფებიან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შესაბამისად, ძალადობის ქვეშ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სპეციალურად მომზადებულმა პროფესიონალებმა (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები) იმუშაონ ბავშვებთან, შეაფასონ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური დახმარება გაუწიონ ან გადაამისამართონ შესაბამის სერვისში.

6) საყოველთაოდ ცნობილია და მტკიცებულებით გამყარებულია, რომ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციები არის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მაღალი რისკის ზონა. ამ რისკების აღმოსაფხვრელად, უკვე წლებია, რაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, ახორციელებს დეინსტიტუციონალიზაციის - ანუ, ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების (ბავშვთა სახლების) დაშლას და ბავშვებზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების დანერგვის სტრატეგიას. არავის უნდა ჰქონდეს უფლება ბავშვებზე ზრუნვის საკითხებში წავიდეს სახელმწიფო სტრატეგიის წინააღმდეგ და შექმნას ბავშვთა ახალი დახურული ინსტიტუციები.

ყოველივე ზემოჩამოთვლილის საფუძველზე, მივმართავთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი, კრიზისის მართვაზე ორიენტირებული ნაბიჯები, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

მოგმართავთ, შეიქმნას კრიზისის მართვის მულტიდისციპლინური და ინტერსექტორული ჯგუფი, რომელიც გადაუდებლად დაგეგმავს კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების ღონისძიებებს" - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 

1. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება

2. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT

3. ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი

4. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT ქუთაისი

5. ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი - თბილისი

6. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

7. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა

8. საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება და ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის

9. მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი

10. ბავშვთა და მოზარდთა თერაპიის სტუდია ფელიქსი

11. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია GABP

12. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი

13. საქართველოს EMDR ასოციაცია

14. შეზღუდული შესაძლებლობის საქართველოს აკადემია

15. ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი იდილია

16. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

17. ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

18. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - მწვანე სახლი

19. საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია

20. ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის, გეშტალთ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი საქართველოში

21. ააიპ „მშობლები განათლებისთვის“

22. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია

23. ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია

24. კავკასიის გეშტალთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი

25. საქართველოს ესოს ბავშვთა სოფელი

26. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

27. ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი „დიალოგი“

28. ფსიქოთერაპიის სახლი კამარა

29. თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი

30. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

31. ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია

32. შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი

33. პიროვნული და პროფესიული გავითარების სივრცე „კაიკონა“

34. ა(ა)იპ ღია სახლი

35. საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია/GYPA

36. საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „კონტაქტი“

37. თბილისის აუტიზმის ცენტრი

38. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის აერთიანებს სფეროში ჩართულ 49 საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

 

მსგავსი სიახლეები