ომბუდსმენს მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს - ISFED პანსიონზე

06.06.21 18:04
ომბუდსმენს მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს - ISFED პანსიონზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები"  ნინოწმინდის პანსიონში წამებისა და არასათანადო მოყპრობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ISFED-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენს მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს.

ამ დრომდე, სახელმწიფოსგან არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად და გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების აღსასრულებლად. "სამართლიან არჩევნებს" მიუღებლად მიაჩნია ბავშვთა ყოფნა იზოლაციაში და სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დაუშვებლობა მათთან. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე მსგავსი მასშტაბის ინსტიტუციის არსებობა, რაც მოძველებულ, ბავშვთა უფლებების დამრღვევ მიდგომას წარმოადგენს და არ შეესაბამება ამ სფეროს თანამედროვე სტანდარტებს. ასეთი დიდი დაწესებულებები, საფუძველშივე, რისკის შემცველადაა მიჩნეული და უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

"სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს:

 

  • საქართველოს საპატრიარქოსა და პანსიონის ადმინისტრაციას  - დაუყოვნებლივ შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში და შეწყვიტოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფა, მათი სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამის ამსახველი ვიდეოების გასაჯაროება. ასევე, შეწყვიტოს ბავშვების გაყვანის პროცესის ხელშეშლა;
  • სამართალდამცავ უწყებებს - დაუყოვნებლივ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების შესახებ;
  • სახელმწიფოს - უარი თქვას ამ ტიპის ბავშვთა სახლებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს  პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მინდობით აღზრდაში გადაყვანის პროცესი, თუ ეს დროულად ვერ ხერხდება, პრიორიტეტი მიანიჭოს მცირე, საოჯახო ტიპის სახლებს;
  • სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს - გადატანილი სტრესის  გათვალისწინებით, სასწრაფოდ შემუშავდეს ბავშვთა ფსიქოლოგიური და, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, სხვა ტიპის დახმარების პროგრამები და დაიწოს მათი რეაბილიტაციის პროცესი.