"ფარფურის" მაღაზიის დაწვის მცდელობა - პოლიციამ 16 წლის მოზარდი დააკავა

11.06.21 10:35
"ფარფურის" მაღაზიის დაწვის მცდელობა - პოლიციამ 16 წლის მოზარდი დააკავა

ბათუმში მარკეტების ქსელ "ფარფურის" მაღაზიის დაწვის მცდელობისთვის 16 წლის არასრულწლოვანი დააკავეს. 

გამოძიება ირწმუნება, რომ არასრულწლოვანმა შ.ა.-მ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბათუმში მდებარე მარკეტების ქსელ „ფარფურის“ ორი ფილიალის გადაწვის მცდელობა სავარაუდოდ, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. 

"ტვ პირველთან"  მარკეტების ქსელის მფლობელი, მერაბ ფარტენაძე, ალაპარაკდა და თქვა, რომ  შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მას  ემუქრებოდნენ. 

მერაბ ფარტენაძე ირწმუნება, რომ ქსელის დაწვის უკან, მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორი მურმან ჯინჭარაძე დგას, რომელიც ფარტენაძეების მტკიცებით, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია. 

მეტიც, ფარტენაძის მეუღლე, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში კრიმინალური ავტორიტეტებიც არიან ჩართულნი. 

მსგავსი სიახლეები