კონტრაბანდული საწვავის მილსადენი - რას ამბობენ "ოცნებაში"
ვინ მფარველობდა ოკუპირებული ცხინვალიდან საწვავის კონტრაბანდას? - "ქართული ოცნება" კითხვას ვერ პასუხობს. არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტრაბანდის მხრივ სიტუაცია უკონტროლოა.
ტვირთების გადაზიდვის მხრივ, კონტრაბანდის მხრივ სიტუაცია ორივე ოკუპირებულ რეგიონში არის უკონტროლო. თუ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არსებობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სანქციების გვერდის ავლა ხდება, ჩვენი მოთხოვნაც ეგ არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საერთაშორისო ძალისხმევა იყოს კიდევ უფრო მეტად მობილიზებული - ამბობს თალაკვაძე.
ე.წ. ცხინვალის რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდობლობას უცხადებს მამუკა მდინარაძე. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სიმართლის გარკვევა.
ჯერ მხოლოდ გვაქვს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება, გავიგოთ, რა ხდება სინამდვილეში. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებს სხვა დროს არ ვენდობით ხოლმე არც ჩვენ და არც თქვენ. ახლა ამიტომ, ჯერ გავარკვიოთ რა მოხდა სინამდვილეში და შემდეგ გავაკეთოთ კომენტარი - მდინარაძე.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ამტკიცებს, რომ „სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე“ დიდი ოდენობით საწვავისა და საპოხი მასალების გადატუმბვის ბრალდებით ცხინვალში 4 ადამიანი დააკავეს.