"თმებით ითრია და ფეხი ფეხზე დააჭირა" - თბილისის საჯარო ბაღის თანამშრომლებს ბავშვებზე ძალადობაში ამხელენ
მერიის უმოქმედობის შემდეგ მშობლები პროტესტს იწყებენ. 164-ე ბაღის დირექტორის და თანამშრომლების წინააღმდეგ მტკიცებულებებით შეიარაღებული მშობლები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან მიდიან. მთავარი მოთხოვნა დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებაა.
თბილისის საჯარო ბაღის თანამშრომლებს ბავშვებზე ძალადობაში ამხელენ. მშობლები ირწმუნებიან, რომ მათი შვილები სისტემური ძალადობის პირობებში იზრდებოდნენ. მშობლები მიმართავენ სამართალდამცველებსაც - დაინტერესდნენ თბილისის ერთ-ერთ ბაღში მომხდარი ძალადობის ფაქტებით და დაიწყონ გამოძიება.
"პირველები" 164 ბაღის აღსაზრდელის მშობელს ესაუბრა. როგორც ირკვევა, ბაღის დირექტორი ბავშვზე ძალადობის ფაქტს რამდენიმე დღის განმავლობაში მალავდა. მოძალადე ნანა ყავრელიშვილმა დირექტორს ისიც კი უთხრა, რომ ბავშვს საუბარი არ შეეძლო, ამიტომ ის მშობლებს ვერაფერს ეტყოდა.
კადრებში ჩანს, რომ ბავშვს ფიზიკურად უსწორდება მასწავლებელი, რომელიც თმებში ხელს ავლებს და გადაათრევს იქით და მეორე კადრში კიდევ, ფეხს ფეხზე აჭერს. ასევე, მაქვს მეორე მასწავლებელთანაც პრობლემა, იმიტომ, რომ მყავს მოწმე, რომელიც მეუბნება, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და იქამდე მაგას გაურტყია ხელი ბავშვისთვის და მერე გაუგრძელებია იმას ფიზიკური ძალადობა ბავშვზე. ბავშვი 3 წლისაა, მარტო სიტყვებს ამბობს და მაგით ისარგებლა მასწავლებელმა, რომ ბავშვმა ლაპარაკი არ იცის და ენას ვერ მიუტანს მშობელსო. მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდა. რასაც ლაპარაკობდა, იმასაც აღარ ლაპარაკობს საერთოდ, ძალიან ჩუმად არის და რომ ვუახლოვდები, შიშებშია და ხელებს იფარებს თავზე, რომ ალბათ ჰგონია, რომ უნდა ვცემო. ჩვეულებრივ აგრძელებდნენ მასწავლებლები ბაღში მუშაობას, სანამ თავის შვილიშვილზე არ გაუჩნდა ეჭვი, რომ ძალადობდა მასწავლებელი და 13 რიცხვში გაუშვა. ბავშვი რის გამო სცემა არ ვიცი ზუსტად, მაგრამ დირექტორს ეუბნებოდა, რომ ადვილად შეგვიძლია ჩავფარცხოთ ეს საქმე, იმიტომ, რომ ბავშვმა ლაპარაკი არ იცის და მშობელს ვერაფერს ეტყვის. მოვითხოვ მის დაკავებას, უნდა დაისაჯონ მკაცრი სასჯელით, რომ მათთვის გაკვეთილი იყოს ეს ყველაფერი, - ამბობს ბავშვის დედა.
"პირველები" ბაღის დირექტორთან, ფატი მანჯგალაძესთან გასაუბრება სცადა, თუმცა დაცვის თანამშრომელმა გადამღები ჯგუფი ბაღის ტერიტორიაზე არ შეუშვა. დირექტორმა არც სატელეფონო საუბარი ისურვა.
დღეს საგამოძიებო უწყებებმა უნდა გადაწყვიტონ, მიანიჭებენ თუ არა დაზარალებულის სტატუსს მოზარდს, რომელზეც ფიზიკურად იძალადეს. ბაღის აღსაზრდელების მშობლები დირექტორის გადადგომას ითხოვენ. ასევე, ცნობილი ხდება, რომ გამოძიებასთან საბავშვო ბაღის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ბავშვებზე ძალადობაში კიდევ ერთ პედაგოგს ნინო შინდელიშვილს ამხელს.
ცნობილია, რომ 3 წლის ბავშვი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რომელთანა ფსიქოლოგები მუშაობენ.