"კაბუ" განსასჯელის სკამზე - რას იტყვის ცნობილი რეპერი
ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუ" განსასჯელის სკამზეა.
სასამართლო დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობს.
პროკურატურა მსახიობისთვის პატიმრობას მოითხოვს, ადვოკატი კი მსახიობის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.
მსახიობი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მომღერალსა და მსახიობს, კახა აბუაშვილს პროკურატურამ ბრალდება რამდენიმე საათის წინ წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა.
საქმის მასალების მიხედვით, "ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია".
გარდა ამისა, შოთაძის უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ "კაბუ" უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს".