შერჩევით სამართალზე ვერაფერს გეტყვით - ომბუდსმენი "კაბუს" საქმეზე
არის თუ არა მეგობარი ქალის ცემასა და ნარკოტიკების შენახვაში ბრალდებული პირის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შერჩევითი სამართალი? - სახალხო დამცველი ამტკიცებს, რომ მისი კომპეტენცია არ არის იმსჯელოს ბრალდების საკითხზე.
"ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი" - თქვა თემის კომენტირებისას ლევან იოსელიანმა.
მე ვერაფერს გეტყვით, ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია არ არის ვიმსჯელო ბრალდების საკითხზე და მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხზე, იმიტომ, რომ მე ვიცი რომ ამას ასაჩივრებს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში.
შერჩევით სამართალზე ვერაფერს გეტყვით, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჩვენ არ გვაქვს წვდომა მტკიცებულებებზე, ჩვენთვის უცნობია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, შემიძლია შევაფასო, რომ ქალის მიმართ ძალადობა უნდა იყოს დასჯილი", - თქვა იოსელიანმა.
"კაბუ" ციხეს წუთი-წუთზე დატოვებს - მეგობარი ქალის ცემასა და ნარკოტიკების უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ოჯახმა გირაოს თანხა უკვე გადაიხადა.
ახლა პენიტენციური სამსახური ამ დოკუმენტების გადაგზავნას ელოდება. მძიმე დანაშაულში ბრალდებული მსახიობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამ ბევრი კითხვა გააჩინა - არსებობს ვერსია, რომ ეს განაჩენი მოსამართლემ ვიღაცის ჩარევით და ზეგავლენით გამოაცხადა.