ხელოვნების მუზეუმს დაკარგული ნამუშევარი დაუბრუნდა

29.11.23 13:59
ხელოვნების მუზეუმს დაკარგული ნამუშევარი დაუბრუნდა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ჟან სიმეონ შარდენისათვის (1699-1779) მიკუთვნებული ნატურმორტი, რომელიც დაკარგული იყო, გადასცეს - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1994 წლის 27 ივლისს მოცემული ნატურმორტი ხელოვნების მუზეუმიდან ლუკას კრანახის "მაჭანკალთან" და იაკობ ვან რუისდალის "ჩანჩქერთან" ერთად მუზეუმზე თავდასხმის შედეგად გაიტაცეს. მოგვიანებით კი სამიდან ორი ნამუშევარი - ლუკას კრანახის "მაჭანკალი" და იაკობ ვან რუისდალის "ჩანჩქერი" მუზეუმს დაუბრუნდა, ხოლო ჟან შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა იქამდე, სანამ სამინისტროში ნახატი ერთ-ერთმა პირმა არ მიიტანა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

სურათს ჩაუტარდა კვლევა ხელოვნების მუზეუმში ახლადშექმნილ ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში. ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს. ნამუშევრის ავთენტურობა დარღვეული არ არის", - აღნიშნულია განცხადებაში.