"რუსეთი აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების დატერორებას" - ქაცარავა
"რუსეთი აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების დატერორებას" - ასე აფასებს "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დავით ქაცარავა შეიარაღებული ფორმიანების ხურვალეთში გამოჩენას.
მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსი საოკუპაციო ძალები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ, რაც რუსეთის გარკვეულ სამზადისზე მიანიშნებს.
დღეს ხურვალეთის თავზე გამოჩნდნენ ოკუპანტები და ეს იყო ძალიან უჩვეულო გამოსვლა. კადრებში კარგად ჩანს, რომ იქ მოწყობა იყო ათეულის დონეზე. ჩატარდა რაღაც ინსტრუქტაჟი. საინჟინრო მანქანის გარდა მოსული იყო ორი საოფიცრო მანქანა და როგორც კი გამოჩნდა დრონი, მათ სახეები დამალეს და საკმაოდ მალე დაშალეს თავისი პოსტი, რომელიც ახლა ისე გამოიყურება, როგორც რამდენიმე საათის წინ. ეს არის დაშინების მისია. რუსეთი აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების დატერორებას. აქტიურობა, რომელიც განსაკუთრებით შეინიშნება თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, რაღაცის მანიშნებელია, რომ რუსეთი რაღაცის სამზადისშია, ან ასრულებს თავის მუქარას ე.წ. საზღვრების მკაცრად გაკონტროლებასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ როგორც რუსული აგრესია, მუქარა". - განაცხადა დავით ქაცარავამ.
შიდა ქართლში ოკუპანტები გამოჩნდნენ - რუსი ე.წ. სამხედროების მობილიზება სოფელ ხურვალეთთან შეინიშნეს. კადრებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს.
ვიდეო მასალაში შეიარაღებული ფორმიანები მთის ფერდობზე ჩანან, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ცოტახნით ადრე უკანონო კონსტრუქციები აღმართეს.