არ მინდა, ტატუნაშვილი-ოთხოზორია-გინტურის სიას შევემატო - ბოლო ცნობები ხურვალეთიდან
ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენემ, ადგილობრივებში შიში გამოიწვია - მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ 15 კაციანი ბრიგადა ადგილზე პროვოკაციებისთვის გამოჩნდა.
"ნამდვილად არ მინდა, რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორია-გინტურის სიას შევემატო" - ამბობს "პირველებთან" ხურვალეთში მცხოვრებმა ლუდა სალია.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტები, რომლებიც ცდილობდნენ, უკანონოდ აღემართათ კონსტრუქციები, მთის ფერდობზე საკმაოდ დიდი რაოდენობით იმყოფებოდნენ.
ხურვალეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოჩნდნენ რუსი ორკები. გადაადგილდებოდნენ თავისუფლად. საკმაოდ ბლომად იყვნენ, მანქანითაც იყვნენ, რა თქმა უნდა. აქედან დავუყვირე, აქ რას აკეთებთ, კიდევ გამოჩნდით-მეთქი. ალბათ, უნდათ, რომ კიდევ უფრო ქვევით ჩამოვიდნენ და ეს ტერიტორიებიც მიიტაცონ. მე წყაროზეც ვერ ჩავდივარ უკვე იმდენად არასასიამოვნოა. ნამდვილად არ მინდა, რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორია-გინტურის სიას შევემატო". - აღნიშნა ლუდა სალიამ.
შიდა ქართლში ოკუპანტები გამოჩნდნენ - რუსი ე.წ. სამხედროების მობილიზება სოფელ ხურვალეთთან რამდენიმე საათის წინ შეინიშნეს. კადრებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს.
ვიდეო მასალაში შეიარაღებული ფორმიანები მთის ფერდობზე ჩანან, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ცოტახნით ადრე უკანონო კონსტრუქციები აღმართეს.