სასტიკი მკვლელობა ავტობუსში - მოკლული ქალის დედა სიძისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვს
მიესაჯება თუ არა უვადო თავისუფლების აღკვეთა კაცს, რომელმაც ავტობუსში, ხუთი შვილის თვალწინ საკუთარ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
მოკლული ქალის დედა ბრალდებულისთვის სასჯელის დამძიმებას ითხოვს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას მსჯავრს დაუმძიმებს, საზოგადოებისთვის იქნება მაგალითი, რომ მომავალში ძალადობრივი ქმედებები არ განახორციელონ.
მან ხუთი ბავშვის წინ მოკლა სადისტურად ჩემი შვილი და მე მოვითხოვ, რა თქმა უნდა, სამუდამოს. ის უნდა იყოს სამუდამოდ ციხეში. 20 წელი მისთვის ბაირამობაა. თუ ჩალით დახურულ ქვეყანში არ ვცხოვრობთ და თუ სასამართლო სასამართლოებს, მას უნდა მიეზღოს ის, რასაც იმსახურებს. ეს ისე უნდა დაისაჯოს, რომ სხვამ ვერავინ ვერ გაიმეოროს ქალზე ხელის აწევა - აღნიშნა ხათუნა ნაჭყებიამ.
ცნობისთვის, 2022 წლის 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე 30 წლამდე კაცმა, 27 წლის ქალი ხუთი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა.