ბექა გრიგორიადისს რამდენჯერმე ჩამოართვეს კარავი, საფუძველი არ განუმარტავთ - HRC
შეკრების თავისუფლებით სარგებლობის მიზნით საჯარო სივრცეში კარვის განთავსების ხელშეშლის პრაქტიკასთან დაკავშირებით "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ანგარიშს აქვეყნებს.
HRC შეფასებით, ბექა გრიგორიადისის მიერ კარვის გაშლის ხელშეშლის პროცესში არაერთი დარღვევა გამოვლინდა, გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში უკანონო, უხეში ჩარევა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გრიგორიადისის საპროტესტო აქციას 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელიდან 20 მეტრის მოშორებით, ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში აკვირდებოდა.
ამასთან, HRC აღნიშნავს, რომ , ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მობილიზებული იყო პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა.
კარვის გაშლამდე და მის ჩამორთმევამდე, პოლიციის თანამშრომლებს აქციის ორგანიზატორისთვის არ მოუწოდებიათ მოთხოვნის დამორჩილებისკენ. ამასთან, მისთვის არ განუმარტავთ კარვის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი. კარვის გამართვის ხელშეშლა განხორციელდა ძალადობრივი მეთოდებით. ასევე, პოლიციელებს არ შეუდგენიათ შესაბამისი დოკუმენტაცია და არ განუმარტავთ კარვის ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა...
ვითარება განსაკუთრებით 1 ივნისს დაიძაბა, როდესაც ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლის საშუალება კვლავ არ მისცეს. მან პოლიციელებს განუმარტა, რომ კარვის გაშლა მისი აზრის გამოხატვას ემსახურებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, გრიგორიადისის ქმედებები და განცხადებები არ სცდებოდა მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციური უფლებით დაცული სფეროს ფარგლებს. ამის გათვალისწინებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კარვის გაშლის ხელშეშლით ბექა გრიგორიადისს არაპროპორციულად და კანონიერი საფუძვლის გარეშე შეეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
1 ივნისს ბექა გრიგორიადისის აქციას კიდევ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი შეუერთდა. დაახლოებით 22:00 საათზე გრიგორიადისმა გამოაცხადა, რომ კვლავ აპირებდა კარვის გაშლას, რასაც ისევ მოჰყვა პოლიციის მორიგი ძალადობრივი ჩარევა - გრიგორიადისი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დააკავეს, ვიდრე იგი კარვის გაშლას დაიწყებდა...
2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისი 2000 ლარით დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ბექა გრიგორიადისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას შსს-მ პირველად სასამართლოში გააჟღერა არგუმენტი, რომ კარვის დადგმა „ქალაქის იერსახის დამახინჯებას“ იწვევს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების დაკვირვებით, კარავი, გაშლის შემთხვევაში, არ დაბლოკავდა არც ერთი შენობის შესასვლელს და არ შეაფერხებდა მოძრაობას. შესაბამისად არ არსებობდა კარვის დადგმის აკრძალვის საფუძველი. ამასთან, საინტერესოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბექა გრიგორიადისმა 3 ივლისს ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში კარავი ისე გაშალა, რომ მისთვის პოლიციას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ბექა გრიგორიადისი კარვის მეშვეობით დღემდე აგრძელებს პროტესტს იგივე მოთხოვნებით", - ნათქვამია ანგარიშში.