უარი პრეზიდენტს ლექციის ჩატარებაზე - რას ამბობენ ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტების რექტორები "პირველებთან"
უარი პრეზიდენტს ლექციის ჩატარებაზე - ქუთაისის და ზუგდიდის უნივერსიტეტების რექტორები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის უარი არ უთქვამთ და თარიღის შეუთავსებლობაზე საუბრობენ.
ზუგდიდის უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია ამბობს, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს ყველგან მივიდეს. მეტიც, მისთის მიუღებელია არგუმენტები, რომელიც თსუ-ს უნივერსიტეტიდან ისმის.
პრეზიდენტი არის პირველი პირი, რომელსაც ყველგან აქვს უფლება მივიდეს და რაღაც შეთანხმებები საერთოდ არ მესმის, წინასწარ წერილები და დასტურები არ მესმის. სად არ მიესვლება პრეზიდენტს, თქვენ როგორ ფიქრობთ? ან თსუ-ს კონდინციონერი, როგორ ფიქრობთ, არის არგუმენტი, რომ პრეზიდენტი არ შევიდეს? მე ვფიქრობ, რომ ეს ალბათ სპეციალურად რაღაცას ემსახურება, ვიღაცა უარს ამბობს, რომ ვიღაცა შევიდეს. ჩემთვის, ჩემი პოლიტიკა და ჩემი რეგიონში მუშაობა არის ჩემი განათლების პოლიტიკა, ჩემი სახელმწიფო პოლიტიკა, ევროინტეგრაცია და ა.შ. ვიღაცას რაღაც რისთვის სჭირდება, ამაში მე არ ვერევი. ჩემთვის მთავარია რეგიონში გავაკეთო ის პოლიტიკა, რომელიც ევროპულ ღირებულებებზეა ორიენტირებული",- ამბობს ზუგდიდის უნივერსიტეტის რექტორი.
ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის, შალვა კირთაძის თქმით კი, პრეზიდენტს უარს არასდროს აკადრებენ და მას თავისუფლად შეუძლია ქუთაისში ჩასვლა და უნივერსიტეტში მისვლა.
უარი არ ეთქვა, მე უბრალოდ ვთქვი, რომ საგამოცდო პერიოდი იყო და სასწავლო პროცესი არ იყო. მე ვარ ერთ-ერთი, ვინც ავრცელებს ინფორმაციას, მე ხომ არ ვეტყვი ვინმეს გინდა თუ არა მიდი ან არ მიხვიდე, ან როგორ ვაკადრებ ჩემს თავს ან უნივერსიტეტს.
მე როგორ შეიძლება ზოგადად პრეზიდენტთან იყოს წინააღმდეგობა", - ამბობს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი.
საინტერესოა, მისცემს თუ არა პრეზიდენტი მეორე შანსს ქუთაისის და ზუგდიდის უნივერსიტეტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩატარებაზე უარი ეთქვა. თსუ-ს ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ამბობს რა მიზეზით დაუბლოკეს პრეზიდენტს საჯარო ლექცია სტუდენტებთან. კამერებს ემალება ჯაბა სამუშიაც, რექტორი, რომელსაც ნებართვის მისაღებად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილით მიმართა.
პრეზიდენტის ღია ლექცია 3 ნოემბერს უნდა გამართულიყო, სადაც ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე უნდა ესაუბრა და იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას სტატუსის მიღება.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ანალოგიური პრომლების წინაშე მთავარსარდალი ქუთაისის და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც აღმოჩნდა, თუმცა დღეს ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარში ორივე ქალაქის უნივერსიტეტის რექტორებმა უარყვეს.