უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება - კალაძე
უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.
დედაქალაქის მერი უნივერსიტეტის ქუჩაზე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
"ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. საგზაო ნაწილი უკვე ბოლო ფენებშია მოქცეული და ორშაბათიდან უკვე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში, უკვე ორშაბათიდან მთლიანად მოხსნილი იქნება...ის დისკომფორტი, რაც იყო, გადაადგილების თვალსაზრისით, მთლიანად მოხსნილი იქნება," - ამბობს კალაძე ვიდეომიმართვაში.
მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა კი განაცხადა, რომ საგზაო სავალი ნაწილის სამუშაოები სრულად დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს დახაზვითი სამუშაოები, შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი.
„დღეის მდგომარეობით, საგზაო სავალი ნაწილი სრულად დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს დახაზვის სამუშაოები, პარალელურად კი - შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი. ფაქტობრივად, დასრულებულია გარე განათების მონტაჟი. მიმდინარეობს ტერიტორიის გამწვანება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტროტუარებზე მოეწყო შესაბამისი არხები, სადაც მოხდება საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება. გარდა ამისა, არის ლოკალური ადგილები, სადაც ტროტუარების სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.