"მინდა, ვკითხო კომპანიას, როდის იყავით დალხინებულები?!" - მაღაროელები უწყვეტ აქციას აანონსებენ
"ჯორჯიან მანგანეზი" დუმილის რეჟიმშია გადასული - ფეროშენადნობების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიაში არ ამბობენ, მოუმატებენ თუ არა ხელფასებს გაფიცულ მაღაროელებს.
ათობით მუშას ერთი მარტივი მოთხოვნა აქვს, დაიწყონ მუშაობა 12-საათიანი გრაფიკით და ჰქონდეთ ადეკვატური ანაზღაურება, თუმცა როგორც ირკვევა, მომატების ნაცვლად მიწის ქვეშ მომუშავე ადამიანებს ხელფასები ბოლოს ცხრა ლარით შეუმცირეს.
ჭიათურაში პროტესტი ამ დრომდე გრძელდება. დარკვეთის მაღაროებში ჩასვლაზე, დასაქმებულები უარს ამბობენ და უწყვეტ პროტესტს აანონსებენ.
მაღაროელთა უფროსია. ამოვიდა და შეჰპირდა ამ ხალხს, რომ კი, გეთანხმებით ყველაფერზე, ჩავიდეთ იურიდიულად განვიხილოთ ყველაფერი და გადაყვანა გავაფორმოთო. ჩავიდნენ იქ და ეუბნება, 12 საათში როცა 164 ლარი აქვს სხვას, რომელიც ვახტურ რეჟიმზე მუშაობს, ამათ თავაზობთ 154-ს, როცა იგივე საათობა, იგივე გეგმა და იგივეა ყველაფერი. მანიპულირებენ იმით, რომ აი ახლა გვიჭირს, ახლა გაჭირვებაში ვართ. მაინტერესებს და მინდა ამ კომპანიას ვკითხო, როდის იყავით დალხინებული და თუ ოდესმე მოგიმატებიათ ხელფასი ისე, რომ არ ყოფილიყო გაფიცვა", - აღნიშნა ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა.