მკვლელობა ბედიანში - ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე დანაშაულს ტირილით ინანიებს

02.12.23 17:02
მკვლელობა ბედიანში - ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე დანაშაულს ტირილით ინანიებს

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე ჩადენილ დანაშაულს ტირილით ინანიებს.

ამ წუთებში რუსთავის რაიონულ სასამართლოში ვოსკან ვოსკანიანის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ ბრალდებული მამაკაცი მეზობელი ქალის სასტიკ მკვლელობას აღიარებს.

ბრალდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, ტირს და დუმს, თუმცა აპირებს, რომ ისარგებლოს სიტყვის თქმის უფლებით.

ახლა საინტერესოა, როგორ იმართლებს თავს ვოსკანიანი მოსამართლის თანდასწრებით, რადგან ადვოკატი ამტკციებს, რომ კაცი ნაჯახით შეიარაღებული ქალისგან თავს იცავდა.

უფლებადამცველი დღეს ბრალდებულის თავისუფლების სანაცვლოდ გირაოს მოითხოვს.

საზარელი დანაშაული ბედიანში გუშინწინ გამთენიისას მოხდა. როგორც ირკვევა, ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილემ სასიკვდილოდ გაიმეტა 53 წლის ქალი, გაიქცა, გვამი მთელი ღამის განმავლობაში მიატოვა შემთხვევის ადგილზე და სამართალდამცველებმა მას რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიაგნეს.