"არანაირი წილები, მწერლის და რეჟისორის ოჯახია" - რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ვორონცოვზე
სისხლიანი გარჩევა ბიზნეს წილების გამო და დაჭრილი პოლიციელი - "პირველებმა" მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია.
ვორონცოვზე დაჭრილი თემურ ანჯაფარიძე კომპანია "ორგანიკის" მეწილეა. ოფიციალური დოკუმენტების თანამხად, ის ბიზნესის 27-პროცენტიან წილს ფლობს. თბილისის შუაგულში მომხდარი გარჩევა წინასწარი ინფორმაციით, ბიზნეს წილებს და ფულს უკავშირდება.
დაჭრილი თემურ ანჯაფარიძის ოჯახის წევრები ბიზნეს დავას უარყოფენ. ანჯაფარიძის დედა ამბობს, რომ ანჯაფარიძე კომპანიას არ ფლობს. ოჯახისთვის უცნობია, რა გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი.
არაფერი, ვიღაც პათოლოგის გულისთვის. არანაირი წილები, მწერლის და რეჟისორის ოჯახია. სრულიად ნეიტრალური... ნასვამი იყო ის საცოდავი ბიჭიც. არანაირი, რაღაც სისულელე რომ იწერება, მსგავსი არაფერი არ არის.
(ჟურნალისტის კითხვა: იცნობდა თუ არა ნოდარ ვაშაკიძეს?) არ ვიცი, არ ცხოვრობს აქ თეიმურაზი და დიდი ადამიანია, არა მგონია.
(ჟურნალისტის კითხვა: „ორგანიკის“ ბიზნეს მეწილეა) რა დებილობაა, ამაზე ელისო კილაძეს გაეცემა პასუხი,“ - ამბობს ანჯაფარიძის დედა.
თეიმურაზ ანჯაფარიძის ბიზნეს მეწილე, ჯაბა ბალიაშვილი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ის ინფორმაციას არ ფლობს.
ამ წუთებში ალადაშვილის კლინიკაში, სადაც ბიზნესმენია მოთავსებული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ანჯაფარიძის დაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გახდა დანაშაულის მოტივი.
ექიმის თქმით, ანჯაფარიძე მრავლობითი ჭრილობებით შეიყვანეს კლინიკაში, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ქირურგიულ გამყოფილებაში გადის მკურნალობას.
საღამოს საათებში შემოყვანილია 38 წლის მამაკაცი, მრავლობითი ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გულ-მკერდის არეში, ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაილურია, მკურნალობს ქირურგიულ განყოფილებაში,“ - ამბობს ექიმი.