პროტესტი გრძელდება - განათლების მინისტრთან მასწავლებლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
განათლების მინისტრის მოადგილეებისა და მოშიმშილე მასწავლებლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. გიორგი ამილახვარის უწყებაში პროტესტის მონაწილე პედაგოგებს ვერ ეუბნებიან, დანიშნავენ თუ არა დირექტორის თანამდებობაზე. არ აღიარებენ არც შეცდომებს, რომელიც დირექტორების შერჩევის დროს მოხდა.
აუცილებლად გაგრძელდება აქცია, იქიდან გამომდინარე, რომ არ მივიღეთ ჩვენ პასუხი, ფაქტობრივად, კონკრეტული დანაშაულის შესახებ. არ უნდათ აღიარება იმის, რომ გასაუბრებაზე ხდებოდა დანაშაული. კიევ ერთხელ მოვუწოდებ, აღიარონ დანაშაული კონკრეტლად ჩვენს წინაშე და ჩვენი დისკრიმინაცია არ არის სწორი, სამართლიანობაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ. ჩვენ გაგვეცეს პასუხი, კონკურსის მონაწილეებს, გასაუბრების ეტაპზე რატომ დაგვსაჯეს, - ამბობს მაია ეკალაძე.
ამასთან, ირკვევა, რომ სახელმწიფო უწყება უკმაყოილოა ამ ამბის გაშუქებითაც. პრაქტიკულად, მოშიმშილე მასწავლებლებს უთხრეს, რომ კრიტიკულ მედიასთან არ ითანმშრომლონ.
ასევე იყო საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ჩვენ ხომ არ ვართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები და ვინმე ხომ არ გვმართავს. ჩვენ ვუთხარით, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არ ვართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები და არავინ გვმართავს და სრულიად ჩვენით ვაკეთებთ ამას. მაშინ, ტელეკომპანიებთან თქვენი ურთიერთობა ამ ეჭვს აჩენსო. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ ვურთერთობთ ყველასთან, - ამბობს დავით ფერაძე.