სისხლიანი ანგარიშსწორება აღმაშენებლის გამზირზე - ორი პირის დაჭრაში ბრალდებულმა ადვოკატს საუბარი მედიასთან აუკრძალა
სისხლიანი ანგარიშსწორება აღმაშენებლის გამზირზე - 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძისა და 23 წლის პოლიციელის, გიგი ოთიაშვილისა დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძე ადვოკატს საქმის მასალებზე საუბარს უკრძალავს.
როგორც ზურაბ ქიტიაშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ის დეტალებზე არ საუბრობს.
თქვა მხოლოდ ის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წარსულში ნასამართლევი არ არის.
ბრალდებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციიდან გამომდინარე, მას არ სურს ინტერვიუ მივცე იმ საკითხზე, რაც მას ეხება, წინააღმდეგია“, - განაცხადა ქიტიაშვილმა.
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე ნოდარ ვაშაკიძეს ბრალდება წარედგინა. პროკურატურის ცნობით ბრალდებულმა 3 დეკემბერს თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულს (თეიმურაზ ანჯაფარიძეს) მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირების შემსწრე პოლიციელებმა დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელსაც. (დაჭრილია 23 წლის პატრულ-ინსპეტქტორი - გიგი ოთიაშვილი) პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.