"მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვი ისტორიულ მაქსიმუმზეა" - თურნავა

06.12.23 12:59
"მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვი ისტორიულ მაქსიმუმზეა" - თურნავა

"მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ადეკვატური დონის ფარგლებშია" - ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი წინა წლებთან შედარებით აქტიურად ახორციელებს რეზერვის შევსებას.

მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე და ადეკვატური დონის ფარგლებშია. ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.1 მლრდ დოლარს გაუტოლდა. სავალუტო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება ქვეყნის სუვერენული რისკის მინიმიზაციაში გვეხმარება, რაც ინვესტიციებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის პოზიტიური ფაქტორია. სწორედ ამ მიზნით, იმისათვის, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, ჭარბი მერყეობა შერბილდეს და საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ადეკვატური დონის ფარგლებში შენარჩუნდეს, 2023 წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას უფრო აქტიურად ახორციელებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.