მაკო გომური საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტსა და შს მინისტრს უჩივის
20 ივნისის აქციის ძალადობრივად დარბევის დროს დაშავებული მაკო გომური პარლამენტსა და შინაგან საქმეთა მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის - დაზარალებული პოლიციის შესახებ კანონში კონკრეტული ჩანაწერის, კერძოდ, საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენებას, არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაკო გომურის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს მოუწევს კანონის შეცვლა. ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრს იმ ბრძანების, რომლითაც დემონსტრაციების დროს ხელმძღვანელობს.
მაკო გომურის ინტერესებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
როგორც ორგანიზაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე "პირველებს" ეუბნება, რომ რეზინის ტყვიის გამოყენების არსებული სტანდარტი კონსტიტუციის მე-9 მუხლს ეწინააღმდეგება და ის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის.
საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ 20 ივნის დაზარალებული მაკო გომურის სახელით. დავის საგანს წარმოადგენს პოლიციის შესახებ კანონი და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობას. პრობლემა არის ის, რომ არ არის განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევები, როდესაც უნდა იყოს გამოყენებული რეზინის ტყვია. მაგალითად კანონი არ ავალდებულებს პოლიციას, რომ რეზინის ტყვია გამოიყენოს ყველაზე უკიდურეს საშუალებად. ვინაიდან ეს პრინციპები და სახელმძღვანელო დებულებები არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული და არ ევალება ამის შესრულება პოლიციელს, რეზინის ტყვიები ეწინააღმდეგა საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლს, რომლითაც აკრძალულია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა", - აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.