ქუთაისში უფასო სასადილოს ხურავენ - 650-მდე ადამიანს შიმშილობა ემუქრება

07.12.23 13:36
ქუთაისში უფასო სასადილოს ხურავენ - 650-მდე ადამიანს შიმშილობა ემუქრება

ქუთაისში უფასო სასადილოს ხურავენ - უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ 650-მდე ადამიანს შიმშილობა ემუქრება. "მადლიერების სახლის" შენობა, სავარაუდოდ, იყიდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ტერიტორია უკვე შეტანილია საპრივატიზაციო ნუსხაში და საკრებულომ ამ გადაწყვეტილებას მწვანე შუქი უკვე აუნთო.

არსებობს თუ არა ალტერნატიული სივრცე, სადაც ბენეფიციარები უფასო საკვებს მიიღებენ - ეს ის მთავარი კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწევთ.

ენმ-ის წევრი გიგა შუშანია "პირველებთან" აცხადებს, რომ ქუთაისის მერის მტკიცებით, მორიგი ალტერნატიული შენობა გამოიყოფა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქალაქში არ არსებობს ისეთი სივრცე, სადაც 650 ადამიანი დაეტევა.

მე მაქვს დოკუმენტი, სადაც ქუთაისის მერის მორიგი ახირების გამო ეს შენობა, სადაც 650-მდე ადამიანი ყოველდღიურად უფასოდ იკვებება, ჩასვეს გასაყიდ ობიექტების ნუსხაში ისე, რომ საერთოდ არ აპირებენ მომავალი წლის ბიუჯეტში, რომელიც ქუთაისის მერმა ახლა შემოიტანა, ერთი თეთრი არ არის ალტერნატიული შენობის ასაშენებლად. საუბრობენ ზოგადად, რომ თითქოს, სადღაც ალტერნატიულ ფართს გამონახავენ, მაგრამ ქუთაისის მერმა კარგად იცის, რომ არ არსებობს ქუთაისში ისეთი რესტორანი, სადაც 650 ადამიანი დაეტევა", - აღნიშნა გიგა შუშანიამ.