ადიგენში მერის წარმომადგენლის ძმების კომპანიებმა 2 მილიონამდე ლარის შესყიდვები მიიღეს

07.12.23 14:53
ადიგენში მერის წარმომადგენლის ძმების კომპანიებმა 2 მილიონამდე ლარის შესყიდვები მიიღეს

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გიორგი ენდელაძე 2015 წელს დაინიშნა. მას შემდეგ დღემდე მისი ძმების კომპანიებმა 244 სახელმწიფო შესყიდვით 1,905,649 ლარი მიიღეს. აქედან 896,271 ლარი (47%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ- ინფორმაციას
"საერთაშორისო გამჭვივრალობა საქართველო" ავრცელებს.


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „ფასადისა“ და შპს  შპს „M&E company-“ის სახელმწიფო შესყიდვები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან და დაადგინოს რამდენად ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს.

გიორგი ენდელაძის ძმებმა, გოჩა და გელა ენდელაძეებმა კომპანიები შპს „ფასადი“ და შპს “M&E company“, მეგობართან, მერაბ მერაბიშვილთან ერთად 2012 წელს დააფუძნეს, თუმცა, სახელმწიფო შესყიდვებში, ორივე კომპანია 2015 წლიდან გააქტიურდა.  შპს „ფასადი“ ტენდერებს სამშენებლო სამუშაოებზე იგებს, შპს „M&E company-ი“ კი პირდაპირ შესყიდვებს საწვავით მომარაგებაზე იღებს.    

შპს „ფასადი“ გოჩა ენდელაძე, მერაბ მერაბიშვილთან ერთად, შპს„ფასადში“, 50% წილს ფლობდა. 2019 წლის ოქტომბერში მან საკუთარი წილი მეგობარს აჩუქა. მას შემდეგ, კომპანიის მესაკუთრე და დირექტორიც მერაბ მერაბიშვილია.

შპს „ფასადს“, ვიდრე გოჩა ენდელაძის ძმა, გიორგი ენდელაძე ხევაშენში მერის წარმომადგენლად დაინიშნებოდა, მიღებული მხოლოდ პირდაპირი შესყიდვა ჰქონდა, ჯამში,  22,705  ლარზე. 2016-2023 წლებში კი 36  სახელმწიფო შესყიდვით ხელშეკრულებები 1,799,793 ლარზე გაუფორმდა, აქედან 15 შესყიდვა 835,252 ლარით  (46.4%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებისგან მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში.