,,ოცნების" წევრის კაზინოში, სადაც მამაკაცზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები აქამდე არ ჩატარებულა

18.06.21 13:35
,,ოცნების" წევრის კაზინოში, სადაც მამაკაცზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები აქამდე არ ჩატარებულა

კაზინო ,,777"-თან, სადაც 44 წლის მამაკაცზე თავდასხმა მოხდა, პოლიცია ამ დრომდე არ გამოჩენილა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებს  საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ, შესაბამისად, არც პასუხისგებაში მიუციათ ვინმე.

44 წლის მამაკაცი კონფლიქტის მიზეზს ვერ ხსნის და იხსენებს, რომ კაზინოს დაცვის თანამშრომლებმა მასზე ძალა გამოიყენეს. შემთხვევიდან 12 საათი გავიდა, მაგრამ დაზარალებული მამაკაცი გამოკითხვაზე არ ყოფილა. დაზარალებული მამაკაცი დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს.  

ეს ტვინგახურებულები გადმოვიდნენ ქუჩაში, მკვლავდნენ ჩვეულებრივად, განა მარტო ცემა, მკლავდნენ, ქალები ჩაერივნენ და გაგვაშველეს, ადვოკატი მინდა ახლა, დრო იწურება, ექსპერტიზაზე უნდა წავიდე, მსვლელობა უნდა მიეცეს, დახმარება ,მჭირდება, არასამთავრობოები უნდა დამეხმარონ ადამიანურად. - ამბობს დაზარალებული მამაკაცი.

კაზინოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს. კაზინოს კერძო დაცვის კომპანია იცავს და რადგან შემთხვევა მათ ტერიტორიაზე არ მოხდა, პასუხისმგებლობას თავიდან იხსნიან. 

კომპანია, რაზეც საუბრობთ, არ არის ჩვენი თანამშრომელი, ეს არის დაქირავებული კომპანია. ეს სიტუაცია არ მომხდარა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე. შემთხვევა კაზინოს ტერიტორიაზე არ მომხდარა, მოხდა მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია მე არ მეხება, არავინ არ ძალადობს ჩემი თანამშრომელი. - აცხადებს კაზინის ადმინისტრაციის წარმომადგენელი

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა კაზინოში პოლიცია არ გამოჩენილა. 

44 წლის მამაკაცის ცემის ფაქტი მეტრო ,,ვარკეთილთან" ახლოს მდებარე კაზინო ,,777"-ის მიმდებარედ მოხდა.