"ზოგიერთმა სამშობიარომ უკვე გამოუცხადა მედიკოსებს დახურვის შესახებ" - DRG სისტემაზე გადასვლამ კოლაფსი გამოიწვია
სამშობიარო კლინიკები დახურვის საფრთხის წინაშეა. ექიმები დახმარებას ითხოვენ. მიზეზი DRG სისტემაა. ექიმთა უფლებების ასოციაცია იტყობინება, რომ ახალ სისტემაზე გადასვლამ კოლაფსი გამოიწვია. 1300 ლარი ეს ის თანხაა, რომელსაც მშობიარობის სანაცვლოდ სახელმწიფო კლინიკას აფინანსებს, თუმცა როგორც ირკვევა, ეს ფული მხოლოდ ხარჯებს ფარავს, ექიმებისთვის ხელფასებს კი ვერ წვდება.
"პირველების" ინფორმაციით, კლინიკა "ლიდერ-მედის" ხელმძღვანელობამ მომსახურე პერსონალს, დაახლოებით 80 მედიკოსს განუცხადა, რომ იანვრიდან სამშობიარო ნაწილში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.
ზოგიერთმა სამშობიარო სახლმა საერთოდ გადაწყვიტა, რომ დახუროს საკუთარი კლინიკა, "ლიდერ მედზეა" საუბარი, რომელმაც პირველმა დააანონსა უკვე დახურვა და ამასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა თავის მედ-პერსონალთან",- ამბობს დარგის სპეციალისტი.
"პირველები" დაუკავშირდა კლინიკის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს, რომელმაც პასუხის გაცემა არ ისურვა.
შემდეგ დავრეკეთ ცხელ ხაზზე და ვთხოვეთ გინეკოლოგის აყვანა, თუმცა კლინიკამ გვითხრა, რომ ორსულებისთვის გინეკოლოგიური მომსახურება შეწყვეტილია და როგორც განგვიცხადეს, დეტალურ ინფორმაციას ხვალ ოფიციალურად გაასაჯაროებენ.
"ლელოს" წევრი ვატო სურგულაძე კი სამედიცინო სფეროში შევარდნაძის დროის დაბრუნებას პროგნოზირებს და ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ბევრი სამშობიარო სახლი დაიხურება.
წავა ისევ ისე, როგორც შევარდნაძის დროს იყო. ფულის ჯობეში ჩადება, კონვერტებით მიტანა. იმიტომ, რომ არცერთ მეანს არ უღირს ღამით გვაინ ადგეს, წამოვიდეს, მიიღეს მშობაირე, არარ წამოვა იმ 100 და 50 ლარის გამო. არ გამოვრიცხავ, რომ ამას სულ მალე რამდენიმე სამშობიარო სახლი დახურვა მოჰყვეს",- ამბობს სურგულაძე.