"გვსურს, კიდევ ერთხელ გავაგონოთ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა" - ევროპის მოედანზე სამზადისი დაწყებულია

09.12.23 13:08
"გვსურს, კიდევ ერთხელ გავაგონოთ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა" - ევროპის მოედანზე სამზადისი დაწყებულია

დიდ შეკრებამდე ერთი საათია დარჩენილი. ევროპის მოედანზე სამზადისი დაწყებულია - ადგილზე იმყოფებიან საპატრულო ეკიპაჟები და სამართალდამცველები. ზუსტად ორზე თბილისის ცენტრი ევროპული მარშის ეპიცენტრად გადაიქცევა. რესპუბლიკის მოედნისკენ მსვლელობა სულ მალე დაიწყება. 

უკვე დაასრულეს ევროკავშირის გიგანტური დროშის აწყობაც. ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოტანილი ერთი  ოქროსფერი ვარსკვლავით ლურჯ დროშაზე ერთიანობის წრე შეიკრა.  ყველაზე არაპოლიტიკურ მსვლელობაში მონაწილეობისთვის,  ქუჩაში რიგით მოქალაქეებთან ერთად გადიან ხელოვანები, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები და მსვლელობას უერთდება საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილიც.  ზუსტად ერთ საათში, ქართველები კიდევ ერთხელ დაარწმუნებენ ევროპას, რომ კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს ვიმსახურებთ. 

მარშის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანია კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი.

სულ რამდენიმე დღე რჩება მნიშვნელოვანი გადაწყვეილების მიღებამდე. ამიტომ ამ მოლოდინში ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გაისმას ქართველი ხალხის ხმა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის ეს სტატუსი. ამიტომ ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ გვინდა ჩვენს პარტნიორებს გავაგონოთ ქართველი ხალხის ხმა, რომ მათ მხარი დაგვიჭირონ",- ამბობს ISFEDI-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.