იძულებითი ქორწინება ყაჩაღური მეთოდით - 16 წლის გოგოს ამ დრომდე ეძებენ
პოლიცია ვერ პოულობს იმ ექვსს დამნაშავეს, რომლებმაც ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგონა, ულდუზ ბასაევა სახლიდან გაიტაცეს. 16 წლის სკოლის მოსწავლის ოჯახი დახმარებას ითხოვს.
შაბათის საღამოდან არავინ იცის, სად არის მოზარდი, რომელიც სავარაუდოდ, კაშამ მურადოვმა ცოლად შერთვის მიზნით წაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, რა ეტაპზეა ძიების ოპერაცია, ამოიღო თუ არა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და დაადგინა თუ არა რა გზა გაიარა ავტომობილმა მას შემდეგ რაც ფონიჭალა დატოვა.
სავარაუდო გამტაცებელი რუსეთის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.