დღეს პროკურატურამ ქუჩური გარჩევების ლეგალიზება მოახდინა- ნოდარ მელაძე

18.06.21 18:23
დღეს პროკურატურამ  ქუჩური გარჩევების ლეგალიზება მოახდინა- ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის  შეფასებით, პროკურატურამ პრეცედენტი დაუშვა, როცა თქვა, ქუჩური გარჩევები დანაშაული არ არისო და ეს მიდგომა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის საფრთხის  შემცველია. 

დღეს პროკურატურამ მოახდინა ქუჩური გარჩევების ლეგალიზება, მან თქვა, რომ კი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება, ისინიც აღიარებდნენ,  რომ  ვიღაცეებთან მიდიდნენ, ეს გარჩევები კანონის გვერდის ავლით ეწყობოდა, მერე რა, რომ პოლიცია და კანონი არსებობს, მერე რა, რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ სავარაუდო მუქარას აქვს ადგილი ,პოლიციაში უნდა მივიდეს, მას მიმართოს და არა ქუჩური გარჩევა მოაწყოს, ამით შექმნა პრეცედენტი, როცა მოახდინა ლეგალიზება, ხვალ როცა მუქარაზე ვინმე მოაწყობს ქუჩურ გარჩევას, ამ შემთხვევაში პროკურატურამ რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს? მან თქვა, რომ დანაშაული არ არის, ხვალ  სხვა შემთხვევაზე რატომ უნდა თქვას, რომ დანაშაულია. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყველა კანონის წინაშე ვართ თანასწორები, ერთ შემთხვევაზე, კონკრეტულ ფაქტებზე და ადამიანებზე საუბრობ, რომ ეს დანაშაული არ არის და დანაშაულის ნიშნები ვერ დავინახე, ხვალ რომ სხვაგან დაინახავ, რა უნდა გააკეთო? - ამბობს ნოდარ მელაძე. 

ცნობისთვის,  პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ ,,ტვ პირველის" ეთერში გასული აუდიოჩანაწერი  „მოდელირებული და გაყალბებულია“. თუმცა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დაადასტურა, რომ ბერასთვის არასასურველი კომენტარების ავტორებს ივანიშვილის დაცვა საქმეებს ურჩევდა.

შეგახსენებთ, რომ აუდიოჩანაწერი ტვ პირველის შაბათის ეთერში 6 მარტს გავიდა. აუდიოჩანაწერში ბერა  ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, როგორ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფით კომენტარებს წერენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ "სადამსჯელო ოპერაციებს" ანზორ ჩუბინიძე პირადად ატარებდა და ანგარიშს ოლიგარქის შვილს აბარებდა. 

 

მსგავსი სიახლეები