მუნიციპალიტეტები გაწევენ ხარჯებს, რომელთა დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს - IDFI-ს კვლევა

21.06.21 16:08
მუნიციპალიტეტები გაწევენ  ხარჯებს, რომელთა  დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს - IDFI-ს კვლევა

 2020 წელს 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 14.7 მილიონი ლარის ხარჯია გაწეული, - ამის შესახებ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევაშია საუბარი.  IDFI-ის კვლევების მიხედვით, სარეზერვო ფონდების განკარგვის გამჭვირვალე პროცესს  მნიშვნელოვნად აფერხებს მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის შეკავება.

2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯის 63% (9.26 მილიონი ლარი) 4 ყველაზე დიდი ქალაქის (თბილისი - 6.21 მილიონი ლარი, ბათუმი -1.25 მილიონი ლარი, რუსთავი - 1.18 მილიონი ლარი, ქუთაისი - 620 ათასი ლარი) სარეზერვო ფონდზე მოდის. ქალაქ თბილისის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა (2,404,700 ლარი) მოხმარდა კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს. მაგალითად, მერიის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, დაინფიცირებისაგან დამცავი საშუალებების შესაძენად ჯამში 724,064.20 ლარი დაიხარჯა.

2020 წელს, წინა წელთან შედარებით თბილისის სარეზერვო ფონდის 1.6 მილიონით ზრდის მიუხედავად, სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება 26%-ით შემცირდა, რაც უმეტესწილად განპირობებულია COVID-19 გამოწვეული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე მნიშვნელოვანი თანხის მიმართვით. ბათუმის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯებიდან 1.09 მილიონი ლარი მოხმარდა მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებებს, ხოლო 151.5 ათასი ლარი საკარანტინე სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირებას. 2020 წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი წინა წელთან შედარებით, 836 ათასი ლარით გაიზარდა, რაც უმეტესწილად კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე დაიხარჯა.

2020 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის დაახლოებით 90% (555.9 ათასი ლარი) მოხმარდა მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებას. დანარჩენი 50 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 2020 წელს გაწეული ხარჯებიდან 28% (1.54 მილიონი ლარი) მოხმარდა პანდემიის ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას, 23% (1.24 მილიონი ლარი) მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებას, 14% (744.2 ათასი ლარი) - სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, 8% (425.4 ათასი ლარი) სხვადასხვა კაპიტალურ ხარჯს, ხოლო დანარჩენი 27%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულიად უცნობიაა“,-აღნიშნულია კვლევაში.

 IDFI-ის ინფორმაციით, ცალკეული მუნიციპალიტეტები გაწევენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს, ხოლო ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას.