"თანხა გადმორიცხე, თორემ კარგი არაფერი მოხდებაო" - რას ყვება "ლილოს" მოვაჭრე, რომელსაც სახლთან მოლოტოვის კოქტეილი აუფეთქეს

24.12.23 13:33
"თანხა გადმორიცხე, თორემ კარგი არაფერი მოხდებაო" - რას ყვება "ლილოს" მოვაჭრე, რომელსაც სახლთან მოლოტოვის კოქტეილი აუფეთქეს

ვინ არეკეტებს "ლილოს" მოვაჭრეებს და ვისი გავლით მიდის ფული ლილოდან ე.წ. ქურდულ საერთოში?  "პირველებმა" ცოტა ხნის წინ ჩაწერა კიდევ ერთი დაზარალებული, ვისაც სახლთან დაშინების მიზნით მოლოტოვის კოქტეილი აუფეთქეს. მამაკაცი ყვება, რომ თავდასხმამდე მას უცხოეთიდან დაურეკეს და ფული მოსთხოვეს. პოლიციას დამნაშავე დაკავებული ჰყავს, მაგრამ ის ამ დრომდე დამკვეთს არ ასახელებს.

მუქარის მსხვერპლი პირდაპირ ამბობს, რომ არაფრის ეშინია და საკითხზე გამოძიებასთან უკვე ითანამშრომლა. 

დიახ, მე ვარ ერთ-ერთი მსხვერპლი მაგ მუქარის. სადღაც 1 თვის წინ დამირეკეს, ნოემბერში და გარკვეული თანხა მომთხოვეს, "გადმოგვირიცხე, თორემ კარგი არაფერი მოხდებაო". არავისი და არაფრის მეშინია. მაშნვე ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი არაფრის მიცემას. რა მაქვს რომ მივცე? ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში სახლის კართან რაღაც ნივთიერება ამიფეთქეს. მაშინვე პოლიციაში დავრეკე და დაიჭირეს ვიღაც შემსრულებელი. მთავარ პირებზე ვერ გადიან. არადა, პოლიციამ ყველაფერი კარგად იცის, - ამბობს ტერორის მსხვერპლი მოვაჭრე. 

ვინ ისაკუთრებს ლილოს მოვაჭრეების თანხებს? გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ კრიმინალური ჯგუფი უცხოეთიდან მოქმედებს, თუმცა აქ წარმომადგენლები ჰყავთ, რომლებიც ფულის ამოღებით ან ურჩი მოვაჭრეების დასჯით არიან დაკავებულები. ისინი ამბობენ, რომ ოჯახის მიმართ ტერორი ახლაც მიმდინარეობს. მათი თქმით, ლილოს მსხვილ მოვაჭრეებს კონკრეტული პირები ტელეფონის საშუალებით უკავშირდებიან და ატერორებენ, აიძულებენ, რომ მათ ანგარიშზე დიდი რაოდენობით თანხა გადაურიცხონ, წინააღმდეგ შემთხვევაშ კი მოკვლით იმუქრებიან.