"ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა" - კაფე "სავანე" დაანგრიეს
კაფე "სავანე" დაანგრიეს - მთელი ღამის განმავლობაში ქუთაისის ბულვარში მძიმე ტექნიკა მუშაობდა. კერძო საკუთრების დემონტაჟს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი აკვირდებოდა.
ქუჩა ყვითელი ლენტებით იყო გადაკეტილი. პროტესტის მიუხედავად, შენობის დანგრევას უკანონოდ მიიჩნევენ მეპატრონეები. სავანეს მფლობელები ფიქრობენ, რომ აღსრულების პოლიციამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იმოქმედა და არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოს, რაც უკანონობაა.
კაფე "სავანეს" ერთ-ერთი მფლობელის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთეს, რის გამოც ისინი საზოგადოებისგან მკაცრ რეაგირებას მიიღებენ.
ჩვენ ისტორია წაგვართვეს. ჩვენი ნაკეთები საქმე წაგვართვეს და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ყველა წითელი ხაზი გადალახული არის ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო დაუშვებელი. ამაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ექნება მკაცრი შეფასება და ამ შეფასებით ჩვენ ამ ხელისუფლებას გავისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში", - აღნიშნა "სავანეს" მეპატრონემ.