"ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა აფხაზეთის სხვა ტერიტორიების მითვისებას გამოიწვევს" - ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი არ წყდება

28.12.23 11:58
"ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა აფხაზეთის სხვა ტერიტორიების მითვისებას გამოიწვევს" - ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი არ წყდება

ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი არ წყდება - მოსახლეობა ბიჭვინთის აგარაკების პუტინისთვის ჩუქებას აპროტესტებს. აფხაზურ საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ 27 დეკემბრის საღამოს ეგრეთწოდებულმა პარლამენტმა აფხაზეთს ე.წ. სუვერენიტეტი დაუკარგა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ანექსია წამოიწყო და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები მიიტაცა, ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ხელმოწერების შეგროვების პროცესი ორი დღის განმავლობაში, ე.წ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება.

აფხაზი მოქალაქეები შეთანხმების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია. მეცნიერი ირაკლი ბჟინას თქმით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების პუტინისთვის გადაცემამ შესაძლოა, რუსეთის მიერ აფხაზეთის სხვა ტერიტორიების მითვისებაც განაპირობოს.

მე, როგორც აფხაზეთის მოქალაქე, არ ვაღიარებ ამ შეთანხმების ლეგიტიმურობას, რადგან იგი არღვევს აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას და ბათილია მისი ხელმოწერის მომენტიდან. აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულია და ეს სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, მათ შორის, იმ ტერიტორიაზე, რომლის გადაცემაც რუსეთისთვის უნდათ. რაც შეეხება 184 ჰექტარს, ეს იგივეა, რაც რუსეთის რესპუბლიკამ გადასცეს სხვა რესპუბლიკას სოჭი ან ინგუშეთი. ეს შეთანხმება არალეგიტიმურია. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური თვალსაზრისით ჩვენ გვყავს ლეგიტიმური პარლამენტი და პრეზიდენტი, მათი გადაწყვეტილება არალეგიტიმური და არაკონსტიტუციურია. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რუსეთმა შეიძლება, სხვა ტერიტორიებიც მიითვისოს. ჩვენი სახელმწიფოსგან, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დარჩება მხოლოდ დროშა, გერბი და ჰიმნი", - აღნიშნა ირაკლი ბჟინამ.