ფარმაცევტული კომპანიები სახელმწიფოს წინააღმეგ ვერაგულ მეთოდებს იყენებდნენ - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრი კონკურენციის საგენტოს მიერ დაჯარიმებულ ფარმაცევტულ კომპანიებს ბრალს ვერაგულ ქმედებებში სდებს და ამბობს, რომ ისინი ხალხის და სახელმწიფო წინააღმეგ მოქმედებდნენ.
ზურაბ აზარაშვილი ირწმუნება, რომ აღნიშნული კომპანიები წინასწარი განზრახვით მოქმედებდნენ და კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასებს ხელოვნურად ზრდიდნენ.
ეს კომპანიები მიზანმიმართულად ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ, ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას, ფასის გაზრდას მედიკამენტებზე, ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში. როცა მედიკამენტი ათასობით ლარი ღირს, თეორიულად ამის დაშვებაც, ამის ალბათობაც არის მინიმალური, რომ ერთი თეთრის სიზუსტით ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს მედიკამენტებზე. ეს იყო წინასწარ განზრახული, მიზანმიმართული, რომ ხელოვნურად მომხდარიყო გაზრდილი ფასით სახელმწიფოს მხრიდან ანაზრაურება, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში ამბობენ, საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.