მიზერული თანხა მსახიობებისთვის - ბათუმის დრამატულმა თეატრმა ხელოვანისთვის 27 ლარი და 45 თეთრი გაიმეტა
პრემია 27 ლარი და 45 თეთრი - ეს თანხა ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობისთვის გაიმეტა. ახალგაზრდა ქალს, რომელიც დეკრეტულ შვებულებაში იყო გასული, წინასაახალწლოდ ხელმძღვანელობამ, ფაქტობრივად, მიზერული პრემია დაურიცხა.
ანანო ხელაშვილმა მომხდარი უხერხულობის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში დაწერა, რის შემდეგაც მასთან მუქარის შემცველი შეტყობინებები მივიდა. ე.წ. ბოტები ქალისგან პოსტის დაუყოვნებლივ წაშლას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გარკვეული პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ.
თეატრის მსახიობები "პირველებთან" იმ უსამართლო შემთხვევებთან დაკავშირებით საუბრობენ, რასაც კარიერულ გზაზე აწყდებიან. მსახიობი სალომე დიგიძის თქმით, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხელოვანს სპექტაკლის თამაშის შემდეგ ხელფასად მიზერული თანხა ჩარიცხვია.
წარმოუდგენელი რამ ხდება ამ სფეროსი. ეს არის სრული დაცინვა, შრომის არდაფასება. მქონდა მსგავსი შემთხვევა და ეს თანხა რომ ჩაირიცხა ვიფიქრე, რომ ვიღაცას შეეშალა უბრალოდ. 12 ლარი და 54 თეთრი, ამ თანხით 3 ნაჭერი ნამცხვარი შევიძინე. რეჟისორები, რომლებიც იღებენ 15 ათას თითო სპექტაკლში და მსახიობს ერიცხება, ამდენ თვიანი შრომის შემდეგ, 50 ლარი და ამ 50 ლარით შეიძლება თურმე მსახიობმა გადასახადები გადაიხადოს სცენის მომსახურების და განათებების, ამიტომაც არის, რომ ამდენი მსახიობი საერთოდ ანებებს თავს. ანანოს შემთხვევა არის წარმოუდგენელი. ადამიანი იმყოფებოდა რთულ პირობებში და დეკრეტული შვებულება ჰქონდა", - აღნიშნა სალომე დიგიძემ.