"კიევის რეჟიმის თითოეულ დამნაშავეს ანგარიშსწორება ელის" - კრემლი ისევ იმუქრება
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა - ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ადასტურებს.
მისივე თქმით, 109 დაშავებულიდან 25 მძიმე მდგომარეობაშია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბელგოროდი დაბომბა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, დაზიანდა 30 საცხოვრებელი კორპუსი, 381 ბინა, რამდენიმე კერძო სახლი და ავტომობილები.
მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას დააკისრა.
"უკრაინის რეჟიმის თითოეულ დამნაშავეს სამართლიანი ანგარიშსწორება ელის"- თქვა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
რუსეთის სასამართლოებმა, საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული დაჯგუფებების 200-ზე მეტ წარმომადგენელს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. იგივე ბედი ელის ყველა სხვა დამნაშავეს. თითოეული მათგანი მიიღებს სამართლიან ანგარიშსწორებას", - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა დაახლოებით 900 ადამიანის წინააღმდეგ ოთხი ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.