თავდასხმა განსაკუთრებული სისასტიკით - პოლიცია იმ პირებს ეძებს, რომლებმაც თბილისში ძაღლები აწამეს
ცნობილია თუ არა იმ მამაკაცის ვინაობა, რომელმაც თბილისში ე.წ. არბალეტის ისრით ძაღლი დაჭრა? - გომელაურის უწყებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა შეიარაღებული დამნაშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია.
პოლიცია ასევე ეძებს კიდევ ერთ დამნაშავეს, რომელმაც გლდანში მიუსაფარ ძაღლს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
დანაშაულის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ეს ცხოველზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, ამიტომ მოსახლეობა და ცხოველთა უფლებების დამცველები დამნაშავის დასჯას ითხოვენ.
გლდანში გუშინ მოხდა ორი ძაღლის დაჭრა. ერთი მოხდა 2 საათზე, მეორე ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 5-6 საათისთვის. ერთი არის დაჭრილი დანით, ხოლო მეორე არის დაჭრილი რკინის ისრით. არბალეტი ჰქვია იარაღს, რომლითაც იგი არის დაჭრილი. ორივე ძაღლის მდგომარეობა სტაბილურია. დასჭირდათ სისხლის გადასხმა, ჭრილობის დამუშავება. საგანგაშო არის ის, რომ ჩემს ქალაქში დადიან შეიარაღებული ახალგაზრდები", - აღნიშნა თამაზ ელიზბარაშვილმა.