ექსკლუზივი: იდენტიფიცირებულია ბანკზე თავდამსხმელი (ფოტო)

04.01.24 12:38
ექსკლუზივი: იდენტიფიცირებულია ბანკზე თავდამსხმელი (ფოტო)

"პირველების" ექსკლუზივი - 40 წლის კაცი, რომელმაც თბილისის ცენტრში TBC ბანკის დაყაჩაღება ცადა, გუგა გოცირიძეა.  TV PIRVELI-სთვის ყაჩაღური თავდასხმის სავარაუდო მოტივიც ცნობილია - წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაკავებულმა მძიმე დანაშაულის ჩადენამდე დიდი ფული წააგო. 

ირკვევა, ისიც რომ კაცი პირველი პატიმრობის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახთან ერთად წავიდა და შტატებიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. 

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე TBC ბანკის ყველაზე დიდ და ხალხმრავალ ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი გუშინ, 3 იანვარს, საღამოს შეიჭრა.

განგაშის სიგნალი ჩართვის გამო, კაცმა თანხის წაღება ვერ მოასწრო და გაიქცა, თუმცა ის კინოლოგების დახმარებით, პოლიციამ მალევე დააკავა. 

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.