რატომ კიდია სამებაში ხატი სტალინის გამოსახულებით? - საპატრიარქო ამ დრომდე დუმს
რატომ კიდია სამებაში ხატი იოსებ სტალინის გამოსახულებით? - საპატრიარქო ამ დრომდე ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს.
გუშინ საპატრიარქოს პრესმდივანმა განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს არაერთი ხატი, სადაც ისტორიიდან ისეთი პიროვნებებია გამოსახული, რომლებსაც ქრისტიანობაში უარყოფითი როლი აქვთ და ისინი ხატებზე დამარცხებულ პოზიციას გამოხატავენ.
ანდრია ჯაღმაიძის განმარტებებს კატეგორიულად არ ეთანხმება დეკანოზი ილია ჭიღლაძე. სასულიერო პირი საპატრიარქოს პრესმდივნი განცხადებას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ სტალინი ხატზე გამარჯვებულის პოზიციით არის გამოსახული.
ჯაღმაიძის განცხადება იყო ძალიან სოფისტური, უსამართლო, შეიძლება ითქვას, ტყუილის შემცველი, იმიტომ, რომ როდესაც დიოკლეტიანე ან სხვა ვინმე არის გამსოახული ხატზე, მას აქვს თავისი შინაარსი. დიოკლეტიანე, როგორც ბოროტების სიმბოლო, რომელიც წმინდა გიორგიმ აამარცხა, განგმირა. გველეშაპიც არის იქ გამოსახული, მაგრამ ის ილახვრება წმინდა გიიორგის მიერ. აი, აქ უკვე სტალინი გამოსახულია როგორც წმინდანის მიმდევარი, წმინდანის ლოცვა-კურთხევით და რჩევებით მცხოვრები პიროვნება, ფეხზე მდგომი, შემართული, გამარჯვებული და ის თავის თავში განასახიერებს იმ "კაგებეშნიკურ" რუსულ მითოლოგიას 80-იანი წლებიდან გამოგონილს, რომ სტალინი ღრმად მორწმუნე, ფარული ქრისტიანი, რომელიც მოქმედებდა წმინდანების ლოცვა-კურთხევით, - ამბობს სასულიერო პირი.
"მატრონა ლოცავს სტალინს" - ასე ჰქვია სამებაში გამოფენილ ნამუშევარს. ის 2008 წელს რუსმა ხატმწერმა დახატა. სოვლაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ეს არის რუსული საინფორმაციო ომი და ხალხმა ეს საკითხი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს.