„დიტილინი მოგუდვით კლავს“ - ვეტერინარი მიუსაფარი ძაღლების სავარაუდო წამებით დახოცვის მეთოდებზე საუბრობს

02.11.26 11:28
„დიტილინი მოგუდვით კლავს“ - ვეტერინარი მიუსაფარი ძაღლების სავარაუდო წამებით დახოცვის მეთოდებზე საუბრობს

მიუსაფარი ძაღლების შესაძლო სასტიკი მეთოდებით დახოცვა და ცხოველების გულში პრეპარატის ინექციით მოკვლის პრაქტიკა - ექიმი ვეტერინარი მარიამ ჩხიკვიშვილი თბილისში აღმოჩენილი ძაღლების სამარხებისა და ცხოველთა სხეულებზე არსებული დაზიანებების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ცხოველთა დამცველების მიერ აღწერილი ნიშნები ძაღლების დახოცვის ძველ, მტკივნეულ მეთოდებთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. ჩხიკვიშვილი განმარტავს, რომ წარსულში გამოყენებული პრეპარატი დიტილინი ცხოველებში სუნთქვის კუნთების პარალიზებას იწვევდა, ხოლო მხოლოდ თიოპენტალის სწრაფი შეყვანა უმტკივნეულო სიკვდილის გარანტია არ არის.

ვეტერინარი მიიჩნევს, რომ სიკვდილის რეალური მიზეზებისა და გამოყენებული მეთოდების დასადგენად აუცილებელია ცხოველთა ცხედრების გაკვეთა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

ის მეთოდი, რაზეც ცხოველთა დამცველები და იქ, უშუალოდ მნახველები აღნიშნავენ, რომ გულის მიდამოში ძალიან ბევრს აქვს სისხლი წამოსული, ეს იცით, რა პერიოდის ქმედებაა? ადრე არსებობდა შპს "დებიუტი", რომელიც დენით კლავდა ცხოველებს, მათამდე კიდევ უფრო ადრე იყო ეს მეთოდი, რომ გულში უნდა დაგერტყა, რომ წარმოიდგინოთ, პირდაპირ როგორც ვლაპარაკობ, მედიკამენტიანი შპრიცი და მაშინ იყო ინგლისური მარილი და დიტილინი და დიტილინი, იცით, როგორ კლავს? მოგუდვით! მხოლოდ თიოპენტალის ორგანიზმში სწრაფი შეყვანით ნამდვილად არ დადგება უმტკივნეულო სიკვდილი. ამ შემთხვევაში, თუ ძაღლებს, რაც გაჟღერდა დღეს, რომ ძაღლებს ლასოთი იჭერენ და ვეტერინარი გულში ურტყამს წამალს, მაშინ ძალიან მარტივად შეიძლება ტრახეის რგოლების დაზიანების ნახვა გაკვეთისას.

ვფიქრობ, ეს ლეშები, რაც არის გადატანილი, უნდა გავარკვიო ბოლომდე, დამიდასტურონ, სადაც ვფიქრობ, რომ არის, ვაშლიჯვრის ლაბორატორიაა და იქ უნდა მოხდეს მათი გაკვეთა, მაგრამ რაზეც ცხოველთადამცველები ლაპარაკობენ, რახან კვლევა არის საჭირო სისხლის, ამ შემთხვევაში, მიზნად, დიდი ალბათობით, იქნება სისხლის შემადგენლობის კვლევა, - ამბობს ექიმი ვეტერინარი მარიამ ჩხიკვიშვილი. 

ცნობისთვის,  "შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და  ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე. 

რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ - ორ რეისს აკეთებს. 

 

"შაბათის ანონსის" გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა "ძაღლების სასაკლაო და სამარხები" იპოვეს და კადრები რედაქაციას მიაწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. 

 

მსგავსი სიახლეები