უარს ვამბობ ქურდულ სტატუსზე - რუსეთის სასამართლომ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დარბაზიდან გაათავისუფლა

23.06.21 19:12
უარს ვამბობ ქურდულ სტატუსზე - რუსეთის  სასამართლომ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დარბაზიდან გაათავისუფლა

უპრეცედენტო მოვლენა რუსეთის მართლმსაჯულების ისტორიაში - ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, თენგიზ გიგიბერია, მეტსახელად თენგო ფოთელი, ქურდულ სტატუსზე უარის თქმის შემდეგ რუსეთის ლიპეცკის ოლქის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. იუწყება რუსული გამოცემა lenta.ru.

მთელი სულითა და გულით გპირდებით, არავითარი კრიმინალური ქმედებით არ დავკავდები. მე ორი პატარა შვილი მყავს, რომლებიც პირადად არც მინახავს. მინდა, ბავშვებს ავუხსნა, რატომ არ ვიყავი მათთან ამდენი ხნის განმავლობაში. 

თუ სასწაული მოხდება და გავთავისუფლდები, პირობას გაძლევთ, ვიცხოვრებ ოჯახში. უნდა შევხვდე ქურდებს და მათ ეს ავუხსნა. 

 მე პატიოსანი კაცი ვარ, ყველა წმინდანს ვფიცავარ - განაცხადა სასამართლო პროცესზე თენგიზ გიგიბერიამ.

თენგიზ გიგიბერია 1974 წელს ქალაქ ფოთში დაიბადა, ძირითადად, საფულეების ქურდობით იყო დაკავებული,  კანონიერი ქურდის სტატუსი კი 1996 წელს მიიღო. იგი ქურდად რუსმა ავტორიტეტმა, ნიკოლაი ზიკოვმა, მეტსახელად იაკუტელმა, აკურთხა. კორონაციაში მონაწილეონდნენ ქართველი ავტორიტეტები: გია ქუთაისკი და შალვა ხონსკი.

თენგო გიგიბერიამ მოღვაწეობა რუსეთში გააგრძელა და ხელჩანთების ქურდობიდან ბინების ძარცვაზე გადავიდა. 2005 წელს ის რუსმა სამართალდამცველებმა ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, რისთვისაც 17 წელი მიუსაჯეს.

გიგიბერიას საპატიმრო დაწესებულება 2020 წელს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ციხიდან გამოსვლამდე მას  კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობის დაკავების გამო ახალი ბრალი წაუყენეს. სასამართლო პროცესი 2021 წლის თებერვლიდან დაიწყო. 

ქურდულ სტატუსზე უარის თქმის შემდეგ სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.