ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ვადაგასული ხორცია აღმოჩენილი - "პირველების" ხელშია მტკიცებულებები
ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ვადაგასული ხორცია აღმოჩენილი. "პირველების" ხელშია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში პროდუქტები ვადების დაცვის დარღვევით იყო შენახული.
2023 წლის ნაცვლად 2024 - ასე გადააკეთეს სახელდახელოდ ვადები სტიკერებზე. როგორც გაირკვა, პროდუქტს ვადა 13 იანვარს გასდიოდა, სასწავლო დაწესებულება კი 15-ში დაიწყო. როგორც კი "პირველებმა" ინფორმაციის გადამოწმება სცადა, ბაღებში პანიკა ატყდა. სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ, საქმე იქამდეც მივიდა, რომ საბავშვო ბაღებს ბოქლომები დაადეს, მასწავლებლები და მოზარდები კი შენობებში გამოკეტეს.
ინფორმაციის გადამოწმებას "პირველები" ბაღების გაერთიანებაში ეცადა. გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა ჭყონია ამტკიცებს, რომ დოკუმენტის კითხვა არ ვიცით და არასწორ ინფორმაციას ვავრცელებთ, თუმცა ორ ბაღში გადაღებულ დოკუმენტზე ნათლად ჩანს, რომ ხორცის ვარგისიანობის ბოლო ვადად სწორედ 13 იანვარი არის მითითებული.
"კანონმდებლობის დაცვით არის შესყიდული და შეტანილი. არასწორად კითხულობთ. 11-ში და 13 -ში არის შეტანის დღეები. ვინ გააყალბებდა დოკუმენტს, რას ამბობთ", - ამბობს ჭყონია.
ოზურგეთის ოპოზიცია კი საქმეზე სისხლის სამართლის დაწყებას ითხოვს და მოითხოვს, დადგინდეს, თუ ვინ გააყალბა დოკუმენტი და ვინ შეიტანა ვადაგასული ხორცი ბაღში.