მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს - რა ხდება აითაჯის გახმაურებული საქმის სასამართლო სხდომაზე

17.01.24 16:00
მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს - რა ხდება აითაჯის გახმაურებული საქმის სასამართლო სხდომაზე

"ვიცოდი, რომ დანიშნული იყო, თუმცა სანამ სრულწლოვანი არ გახდებოდა მანამდე არ გაათხოვებდნენ", - აითაჯის საქმის მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს. ადამიანები, რომლებიც პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობდნენ, რომ მოზარდი იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო, დღეს იგივე არ გაუმეორებიათ.

14 წლის მოკლული გოგონას თანასოფლელი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მიუთითებდა, რომ დედა და ბიძა აითაჯს ქორწინებას აიძულებდნენ, თუმცა სასამართლო მოსმენაზე მეზობელს მსგავსი არაფერი არ უთქვამს გარდა იმისა, რომ იგი საქმის კურსში იყო აითაჯის დანიშვნასთან დაკავშირებით. 

სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე, რომ აითაჯი გარდაიცვალა. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა 5-6 თვით ადრე ვნახე აითაჯი. ასაკით პატარა იყო და მასთან კომუნიკაცია არ მქონია. ვიცოდი, რომ ყარაბულახში დადიოდა სკოლაში. ვიცი, რომ დანიშნული იყო. სანამ სრულწლოვანი არ გახდებოდა არ გაათხოვებდნენ. არ შეიძლება, მე ჩემი შვილი 18 წლის დავნიშნე. მოგვიანებით თანასოფლელებისგან გავიგე, რომ მოიტაცა იმ ბიჭმა", - ამბობს მეზობელი.

ბრალდებულების ადვოკატი "პირველებთან" საქმის მასალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში გამოჩნდება როგორც დედის, ასევე ბიძის უდანაშაულობა. 

სულ რამდენიმე კლასელი გვყავს სადავოდ გამხდარი მათი გამოკითხვები. აბსოლუტური უმრავლესობა გამოკითხვაშიც ადასტურებდა, რომ არ იცოდნენ აითაჯის ნიშნობის შესახებ, ამიტომ სადაც კი გამომძიებელს ჰქონდა ჩაწერილი, რომ აითაჯს არ უნდოდა ნიშნობა და უბრალოდ ეშინოდა დედის, ბიძის უკან ასე ვთქვათ დაბრუნება ნიშნობასთან დაკავშირებით, მხოლოდ ეს მოწმეები გვყავდა დატოვებული. დღითიდღე უნდა გამოჩნდეს უდანაშაულობა როგორც დედის, ასევე ბიძის რჩევაც, რომ არ იყო იძულებითი ხასიათის და უნდოდა საკუთარი დისშვილისთვის კარგი, ესეც ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა დადასტურდება", - აღნიშნა აითაჯის ბიძისა და დედის ადვოკატმა.

14 წლის მოკლული გოგონას ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აითაჯის თანაკლასელები წარსდგებიან, რომლებიც მოსამართლეს მოუყვებიან იმის შესახებ, რომ იგი აქტიური მოსწავლე იყო და დაქორწინება არ სურდა.

კლასელების ჩვენებები მნიშვნელოვანია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მოსწავლე იყო აითაჯი, რა სურვილები ჰქონდა, ხოლო მეზობლის ჩვენება მიმართული იქნება ნიშნობასა და ქორწინებასთან დაკავშირებით. ზუსტად რას ისაუბრებენ, ამას ვერ მოგიყვებით. იძულება სამართლებრივი ტერმინია და იმას, რასაც ამბობენ, ჩვენ იურისტებმა დავარქვით, რომ ეს არის იძულება. შინაარსობრივად ისინი მოგვიყვებიან აითაჯის სურვილების შესახებ. ძირითადი მოტივი და შინაარსი ის არის, რომ დიახ, მას უნდოდა სწავლა, იყო აქტიური და მას უნდოდა მომავალში, რომ გამოსულიყო ექიმი", - ამბობს აითაჯის ადვოკატი. 

ამ დროისთვის სასამართლო სხდომა დახურულად მიმდინარეობს, რადგან მოსამართლის წინაზე აითაჯის არასრულწლოვანი თანაკლასელები იმყოფებიან. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ხვალ მკვლელობაში ბრალდებული კაცის და გამოიკითხება, რომელმაც აითაჯის დედას მცირეწლოვანი გოგონას მეუღლესთან დაბრუნება აიძულა.