მოსახლეობის ნაწილი ნიჩბებით და ბოტებით შეარაღებულ კალაძეს წერეთელზე ელოდება
რა გაკეთდა 10 თვის განმავლობაში წერეთლის გამზირზე? თბილისის მერი ირწმუნება, რომ ხალხმა ყველაფერი იცის. სწორედ ამიტომ, "პირველები" დღეს გადათხრილ წერეთლის გამზირზე გავიდა.
ხალხი გაბრაზებულია. მოსახლეობამ არ იცის, რა ეშველებათ. უკვე ათი თვეა მცირე მეწარმეები ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, რის გამოც ზარალის ანაზღაურებას და კონპენსაციას მერიისგან ითხოვენ.
მოსახლოების ნაწილს იმედიც გაუჩნდა, რომ მალე ნიჩბებით შეიარაღებული კახი კალაძე დიდუბის ქუჩებში გამოჩნდება.
"ველოდებით კალაძეს, მოვიდეს ბოტებით და ნიჩბებით ხელში და ვნახოთ, რას გააკეთებს და მაგის გაკეთებული ჯერ რა ვნახეთ. სახლში ზის თბილად, სუფთად, არ აწუხებს, არც ტალახი არც მტვერი. არ შეიწუხებს თავს, ასე მგონია. ამ გზების გადამკიდე აქ არავინ აღარ დადის. რომ არ ვმუშაობდე მეც არ მოვიდოდი. ცოტა კომპენსაციაც უნდა დაერიგებინა ხალხისთვის, იმიტომ, რომ ბიზნესი საერთოდ ჩაწვა ამ ხნის განმავლობაში. ეს ყველაფერი ყველაზე აისახა. პარკინგი არაა, მანქანა ვერ მოდის", - ამბობს წერეთელზე დასაქმებული ადამიანები.
როგორც დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სულ რომ მას და მის თანამშრომლებს მოუწიოთ მუშაობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ მოვლენები დედაქალაქის მერიაში გუშინ გვიან ღამით ელვის სისწრაფით გავითარდა. ბერა ივანიშვილის მეგობარს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გადააბარეს. კახა კალაძემ სამ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულებები გაუწყვიტა.
დოკუმენტების მიხედვით, კახა კალაძემ ჯერ კიდევ ზაფხულში იცოდა, რომ დაქირავებული კომპანიები სამუშაოებს არ ასრულებდნენ.