SOVLAB: „ქართული ოცნება" არქივებზე წვდომას ზღუდავს

17.01.24 18:36
SOVLAB: „ქართული ოცნება" არქივებზე წვდომას ზღუდავს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია აცხადებს, რომ ეზღუდებათ წვდომა არქივებზე, რაც საბჭოთა წარსულის კვლევას ართულებს.

მათი განცხადების თანახმად, არქივების დახურვის მიზეზები გაურკვეველია. ორგანიზაციის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, „რეორგანიზაციის“ საბაბით მთლიანად დახურულია შსს-ის (ყოფილი საბჭოთა უშიშროების – სუკ-ის) არქივი და არ აქვთ ინფორმაცია მისი გახსნის თარიღის და გახსნის პირობების შესახებ.

ასევე, განცხადებაში საუბარია, რომ მკვლევრებს აკრძალული აქვთ დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღება, ასლების გადაღების ფასი კი ძალიან მაღალია.

იოსებ სტალინის განმადიდებელი ხატის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის შესწავლის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აჩვენა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელიუსუფლების მიერ არქივებზე წვდომის ნაბიჯ-ნაბიჯ შეზღუდვამ საბჭოთა წარსულის კვლევა მნიშვნელოვნად გაართულა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საბჭოთა წარსულის წარმატებულ ინსტრუმენტალიზაციას რუსული დეზინფომაციის მიერ. 
დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე, სოვლაბის გამგეობის თავმჯდომარემ, ირაკლი ხვადაგიანმა და პროექტების მენეჯერმა გიორგი კანდელაკმა საქართველოს აქრივებში გეგმაზომიერად დანერგილ შეზღუდვებზე ისაუბრეს, რომლებიც შემდეგში მდგომარეობს: 
🟥 არქივების გაურკვეველი მიზეზებით დახურვა. უკვე რამდენიმე თვეა „რეორგანიზაციის“ საბაბით მთლიანად დახურულია შსს-ს (ყოფილი საბჭოთა უშიშროების, სუკ-ის) არქივი. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია არც არქივის გახსნის თარიღის და არც მისი გახნის პირობების შესახებ. 
🟥 მკვლევრებს აკრძალული აქვთ დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღება, ასლების გადაღების საფასური კი ძალიან მაღალია. იმის გათვალისწინებით რომ კვლევას ხშირ შემთხვევაში ასობით და ზოგჯერ ათასობით გვერდის ასლი ჭირდება, სრულფასოვანი კვლევა თითქმის შეუძლებელია. ამგვარი აკრძალვა სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას. მსოფლიოს არქივებში ფოტო ასლების გადაღება არა მხოლოდ უფასოა რამედ არქივები ფოტოების გადაღების ტექნიკურ საშუალებებს მკვლევრებს თავად თავაზობენ. 
🟥 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბოროტად იყენებს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმებლობას და ევროპულ რეგულაციებს. 75 წელზე ნაკლები ხანდაზმულობის დოკუმენტებში იშტრიხება ადამიანების სახელები მრავალი სხვა დეტალი რის შედეგადაც საბჭოთა ტოტალიტარული რეპრესიული აპარატის წევრთა მონაცემები, ზუსტად ისე როგორც რუსეთში, საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია. აღნიშნული თითქმის შეუძლებელს ხდის ნათელი მოეფინოს საქართველოს მე-20 საუკუნის ისეთ საკვანძო მოვლენებს როგორიცაა, მაგალითად 1989 წლის 9 აპრილი და ა.შ. 
🟥 არქივებზე „ზედამხედველობას“ არაფორმალურად ახორციელებს სახემწიფო უსაფრთხოების სამსახური. „ზედამხედველობა“ გულისხმობს პირდაპირ ჩარევას არქივის გადაწყვეტილებებში თუ ვის მიეცეს არქივებზე დაშვება და ვის არა, ან რომელ დოკუმენტებზე მიეცეთ მკვლევრებს წვდომა და რომლებზე არა. დამოუკიდებელი საქართველოს უსაფრთხოების სამსახური საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულებათა მაქსიმალური წარმოჩენით უნდა იყოს დაინტერესებული. ის რომ სახელმწიფოს მიდგომა ამის საპირისპიროა მრავლის მეტყველია. ყოფილა არაერთი შემთხვევა როცა მეცნიერებს წამყვანი ამერიკული უნივერიტეტებიდან უარს ეუბნებიან არქივებში მუშაობაზე. 
🟥 სხვადასხვა ტექნიკური მიზეზით არქივები განზრახ ზღუდავენ წვდომას კატალოგებსა და ანაწერებზე. ეროვნული არქივის ონლაინ კატალოგი ისედაც ძალიან შეზღუდულ ინფორმაციას შეიცავს მაშინ როცა შსს-ს (ყოფილი სუკ-ის) არქივს უკვე რამდენიმე წელია არანაირი ვებსაიტი არ გააჩნია. ასევე, უახლესი ისტორიის არქივის კატალოგების მხოლოდ ნაწილია ხელმისაწვდომი. 
🟥 უკვე 2013 წელს მთავრობამ აკრძალა ყოველგვარი წვდომა საბჭოთა უშიშროების და შსს-ს თანამშრომელთა მონაცემებზე 1970-იანლი წლების ჩათვლით. ბოლო თვეების განმავლობაში სოვლაბის მკვლევრებს კანონის დარღვევით უარი ეთქვათ გაცნობოდნენ კომუნისტური პარტიის მასალებს რომლებიც ეხება 1970-იან და 1980-იან წლებს. 
აღნიშნულის გარდა, მკვლევრებს უწევთ მრავალი სხვა შეზღუდვის და სირთულის პირობებში მუშაობა რომლებიც ერთობლიობაში აქრივებში მუშაობას უკიდურესად ართულებს. მათ შორისაა:
⭕ არქივების ვებსაიტების განუსაზღვრელი პერიოდით გაუქმება - მაგალითად, ყოფილი კგბ-ს არქივის ვებსაიტი უკვე რამდენიმე წელია არ აქვს. მის ონლაინ კატალოგს ისედაც მწირი ინფორმაცია ქონდა მაგრამ ახლა საიტი საერთოდ აღარ არსებობს. 
⭕ რთული სამუშაო პირობები - უმრავლეს შემთხვევებში, სამუშაოდ გამოყოფილია ძალიან მცირე ზომის სამკითხველოები და მკვლევრებს უწევთ რიგში დგომა რომ მოახერხონ მუშაობა. შსს-ს არქივის სამკითხველო განლაგებულია სასროლეთის უშუალო სიახლოვეს. არქივში მომუშავეთ კი უწევთ დილიდან საღამომდე ცეცხლსასროლი იაღაღიდან სროლის სმენა. 
დღეში შესაძლებელია მხოლოდ 10 საქმის გაცნობა. 
რეკომენდაციები:
⭕ მკვლევრებს უნდა მიეცეთ დოკუმენტებისთვის საკუთარი ტექნიკური საშუალებებით ფოტოების გადაღების შესაძლებლობა. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ასლების გადაღება უნდა გახდეს უფასო.
⭕ გაუქმდეს პერსონალურ მონაცემთა კანონის და ევროპული დირექტივის მცდარი ინტერპრეტაცით შედგენილი რეგულაცია და შეწყდეს 75 წელზე ნაკლები ხანდაზმულობის დოკუმენტებიდან მნიშვნელოვანი დეტალების წაშლის პრაქტიკა. 
⭕ გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივების საქმიანობაში ჩარევა", - ნატქვამია განცხადებაში.
⭕ სრულად გამოქვეყნდეს კატალოგები და ანაწერები, საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობის შესაბამისად. 
⭕ სამკითხველოები განთავსდეს ადექვატურ სივრცეებში.