ფეხბურთელი გოგონების სექსუალურად შევიწროების საქმე - მწვრთნელებს საქმიანობა აუკრძალეს

18.01.24 12:19
ფეხბურთელი გოგონების სექსუალურად შევიწროების საქმე - მწვრთნელებს საქმიანობა აუკრძალეს

ფეხბურთელი გოგონების სექსუალურად შევიწროების გამო მწვრთნელებს საქმიანობა აუკრძალეს - დანაშაულში მხილებული მამაკაცების წინააღმდეგ გადაწყვეტილება სპორტული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციამ სამი წლის შემდეგ მიიღო. 

საქმე ეხება თბილისისა და ქუთაისის ქალთა კლუბის მწვრთნელებს, რომლებიც წლების განმავლობაში არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდნენ. ერთ-ერთი მწვრთნელის საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოში განიხილება, ხოლო მეორის უზენაეს სასამართლოში. 

ძალადობა გამოვლილი ახალგაზრდების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იცავს. 

ადვოკატი თამარ კაპანაძე ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნული მწვრთნელები კვლავ აგრძელებდნენ სპორტულ საქმიანობას.

ორ მწვრთნელს ფეხბურთის ფედერაციის კომიტეტმა აუკრძალა სპორტული საქმიანობა იქამდე, სანამ საერთო სასამართლოები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ მწვრთნელების მიმართ. ერთ-ერთი მწვრთნელის მიმართ უკვე უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს დავა, ხოლო მეორე შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში. ფეხბურთის ფედერაციის რეაქცია აღნიშნულთან დაკავშირებით იყო დაგვიანებული. სამწუხაროდ, აღნიშნული მწვრთნელები კვლავ აგრძელებდნენ სპორტულ საქმიანობას, მათ შორის, არასრულწლოვან გოგოებთან. ქუთაისის გუნდის შემთხვევაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან იყო პორნოგრაფიული ხასიათის მასალების ჩვენება. ერთი საერთოდ მასთან ცხოვრობდა და როდესაც ეს არასრულწლოვანი მასთან იყო, დადიოდა ქვედა საცვლის ამარად, ეუბნებოდა, რომ ფეხები ახლა იმიტომ უნდა გაშალო, რომ  ქმარი რომ მოგთხოვს იცოდე, როგორ უნდა გაშალო მერე ფეხები. გასახდელში შესვლა იყო ორივე შემთხვევაში, როდესაც გოგონები იცვლიდნენ და დაკაკუნების გარეშე შედიოდნენ. იყო ისეთი ხასიათის კომენტარები არასრულწლოვნების მიმართ, რომ ჩემი ტოლი რომ იყო შეყვარებულები ვიქნებოდით", - ამბობს ადვოკატი თამარ კაპანაძე.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე საბოლოო განაჩენს დაზარალებულთა საპირწონედ მიიღებს, ფეხბურთის მწვრთნელებს სპორტული საქმიანობის განხორციელება 2 წლის ვადით აეკრძალებათ.