დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას - უმწვავესი დასკვნა "ვივა მედზე"

18.01.24 14:32
დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას - უმწვავესი დასკვნა "ვივა მედზე"

მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს სააკაშვილის გამოჯანმრთელებას - ეს უმწვავესი შეფასება   ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია. კომიტეტმა კლინიკა "ვივა მედში" არსებული მდგომარეობა შეისწავლა.

დასკვნის მიხედვით, კლინიკა, სადაც მსჯავრდადებულებს მკურნალობენ, პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს. მიზეზად პენიტენციური სისტემის გავლენებია დასახელებული, რომელთაც საბოლოო სიტყვა ეკუთვნით. 

ანგარიშის მიხედვით, პრობლემად არის დასახელებული ისიც, რომ კლინიკას არც  ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგი არ ჰყავს. დოკუმენტში საუბარია, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც, რომელიც  პაციენტი "C"-ს სახელით არის მოხსენიებული.

კიდევ ერთი სერიოზული ხარვეზი იყო ის, რომ კლინიკას არ ჰყავდა დასაქმებული არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგი. პრინციპში, როდესაც საჭირო იყო, კლინიკას შეეძლო ასეთი სპეციალისტის მომსახურეობის მიღება კლინიკის მიღმა კონსულტანტებისგან, მაგრამ პაციენტის სიტუაცია იძლევა მტკიცებულებას, რომ პრაქტიკაში ამან კარგად არ იმუშავა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებში შესვლის სურვილის გარეშე, ფსიქიატრიული დახმარების შეთავაზება, საუკეთესო შემთხვევაში აშკარად იყო მწირი და სპონტანური", - წერია განცხადებაში.

დოკუმენტში მოცემულია საქართველოს მთავრობის პასუხიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს გააჩნდა უფლება თავად აერჩია ფსიქიატრი მკურნალობისთვის, თუმცა მან უარი განაცხადა.

პაციენტ C-ს მკურნალობაში მედიკოსები სხვადასხვა სფეროდან არიან ჩართული. ექიმების მიერ გამოწერილი ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა ეთანხმება კონკრეტული დაავადებებისთვის გაწერილ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტი C-ი არაერთხელ ამბობდა უარს ფსიქოლოგსა თუ ფსიქიატრთან კონსულტაციაზე. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტის შემდეგაც კი, პაციენტ C-ის შესთავაზეს ფსიქიატრის მკურნალობა. მას ასევე ჰქონდა თავისუფლება თვითონ აერჩია ფსიქიატრი მკურნალობისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ უარი თქვა, დროის უქონლობაზე მითითებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კლინიკა "ვივამედში" უსაფრთხოების ზომები გადამეტებული იყო, ხოლო პროცედურები სამედიცინო კონფიდენციალურობის სრულ უარყოფას უტოლდებოდა, რამაც პაციენტსა და ჯანდაცვის პერსონალს შორის უნდობლობა განაპირობა.

ვივამედის კლინიკის მე-4, მე-5 და მე-6 სართულებზე უსაფრთხოების ზომები იყო გადამეტებული, რაც შეუთავსებელია თერაპიისთვის გარემოს შექმნასთან. კერძოდ მე-5 სართულზე, პროცედურები უტოლდებოდა სამედიცინო კონფიდენციალურობის სრულ უარყოფას, რამაც დააზიანა ნდობა პაციენტსა და ჯანდაცვის პერსონალს შორის. ამან კი ძირი გამოუთხარა მისი სამედიცინო მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივებს. ეს სავალალო მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა წესებმა, რომელიც არეგულირებს პაციენტთა სამედიცინო მონაცემებისადმი მოპყრობას. პაციენტების თანხმობას მოითხოვდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ სამედიცინო ინფორმაცია მათი ადვოკატებისთვის მიეწოდებინათ, საპირისპირო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სამედიცინო დახმარებასთან წვდომაზე იღებდა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რაც იმ პრინციპის აშკარა დარღვევაა, რომლის თანახმად, არასამედიცინო პერსონალს მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ უნდა მიეწოდოს მკაცრი მოთხოვნის აუცილებლობის საფუძველზე", - წერია დოკუმენტში.

კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით კი მთავრობა პასუხობს, რომ "ვივამედში" თითოეული პაციენტის უფლება დაცული იყო.

რამდენიმე ბოლო დროინდელ შემთხვევებთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა მედიისთვის კლინიკის ექიმებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან იუსტიციის სამინისტროს პერსონალის მიერ პაციენტ სის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მკურნალობასა და შეთავაზებული თერაპიის მიმართ მიდგომაზე, აშკარად მისი წინასწარი თანხმობის გარეშე. ეს წარმოადგენდა სამედიცინო კონფიდენციალურობის მორიგ უხეშ დარღვევას", - აღნიშნულია ანგარიშში.