სიმართლე აღიაროს, თქვას, რომ მისი ძმა არის დამნაშავე ყველაფერში - აითაჯის დედა მკვლელობაში ბრალდებულის დას
"ყველაფერი სიმართლე თქვას თავის ძმაზე. რატომ არ ამბობს, რომ ყველაფერში დამნაშავე ის არის", - ამ სიტყვებით მიმართა აითაჯ შახმაროვას დედამ მკვლელობაში ბრალდებულის დას, სოილ სადიკოვას.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლე მაია შოშიაშვილმა აითაჯ შახმაროვას დედა რამდენჯერმე გააფრთხილა და ემოციების შეკავებისკენ მოუწოდა.
მოსამართლემ განაცხადა, რომ მას აღნიშნული პირების ემოციების ესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს უსასრულო რეჟიმში უნდა გაგრძელდეს და პროცესები ვერ ჩატარდეს.
განსასჯელის სკამზე მჯდომი კაცის დამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოვლენათა რიგი თანმიმდევრობა აღწერა, რომელიც ოჯახებმა აითაჯის დასანიშნად გაიარეს. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი 14 წლის გოგონასა და ბრალდებულის ოჯახებს შორის წინასწარ შედგა მოლაპარაკება აითაჯის დაქორწინებასთან დაკავშირებით, თუმცა სოილ სადიკოვას არასრულწლოვანთან არანაირი სახის საუბარი არ ჰქონია.
ჩემმა ძმამ მითხრა, რომ არსებობს ასეთი გოგო აითაჯი, რომელიც ძალიან მომწონს და ნიშნობისთვის საჭირო ყველაფერი ვიყიდოთო. ნიშნობაზე ვიყავით მე, ჩემი ძმა, ბიძაჩემი და ოჯახის სხვა წევრები. იქ დაგვხვდა ხალხი. მარტო დედა ვიცანით. წინასწარ მოვილაპარაკეთ, 18 წლის რომ გახდებოდა აითაჯი დაქორწინდებოდნენ. თუ ვერ მორიგდებოდნენ, დაშორდებოდნენ. ჩვენთან ასე ხდება ნიშნობა, ოჯახების მოლაპარაკებაა ეს. აითაჯთან არ მისაუბრია", - განაცხადა სოილ სადიკოვამ.
მკვლელობაში ბრალდებულის დამ სასამართლოზე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახებმა აითაჯის დანიშვნასთან დაკავშირებით მოილაპარაკეს, აითაჯი საკუთარმა დედამ ბადიაურში განრიდების მიზნით წაიყვანა, თუმცა ეგანა მაგარამოვამ (აითაჯის დედამ) ძმასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ არასრულწლოვანი უკან, სახლში დააბრუნა.
მითხრეს, შენი ძმა და საცოლე არიან სტუმრად მოსულიო. სახლში რომ მივედი, აითაჯი არ დამხვდა, ჩემზე ცუდად იმოქმედა. ჩემი ძმა არაფერს ამბობდა. მერე გავიგეთ, რომ აითაჯი ბადიაურში, დედასთან იყო, ვისგან გავიგე არ მახსოვს. აითაჯთან წავედით.
ეგანა(დედა) ტელეფონით საუბრობდა, თავის ძმასთან. მანქანა გაჩერებული იყო, ტაქსით იყო. მერე ეგანამ მითხრა, რომ მისი ძმა მოდიოდა და ალიმის ბიძის სახლში წავსულიყავით. აითაჯი ავტომობილში იჯდა, დედის მითითებით, გადმოვიდა ტაქსიდან და ორივე ჩვენს მანქანაში გადმოსხდნენ. აითაჯს არაფერი უთქვამს. ეგანა და აითაჯი ბიძაჩემის სახლთან გადავიდნენ. მე სახლში წამოვედი“, - განაცხადა ბრალდებულის დამ.
"პირველების" ინფორმაციით, არსებობს ორი ოქროს მოწმე, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძამ და დედამ აითაჯს აიძულეს დანიშნულიყო და შემდეგ გათხოვილიყო მასზე უფროსსა და უცნობ მამაკაცზე. როგორც ირკვევა, ეს ორი მოწმე საგამოძიებო უწყებას სასამართლოში ამ დრომდე არ მოუყვანია.
ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე არასრულწლოვნის დედა
ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი დააკავეს. ისინი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.
რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.