"თუ არ გარდაიცვალა ადამიანი, გზას არ აკეთებენ" - ოზურგეთის სოფელ ბაილეთში, უგზოობის გამო მოზარდები სკოლაში ვერ მიდიან
უგზოობის გამო მოზარდები სკოლაში ვერ მიდიან - ოზურგეთის სოფელ ბაილეთში მეწყრული პროცესებია განვითარებული. გზა, რომელიც სკოლამდე მიდიოდა, სტიქიამ გაანადგურა, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი თვის თავზეც კი არ აქვს დაწყებული. მოსახლეობა შველას ითხოვს.
სოფლის ნახევარი ფაქტობრივად გარესამყაროს არის მოწყვეტილი. დანიშნულების ადგილამდე სასწრაფოს დახმარების მანქანებიც კი ვერ მიდიან. ვისაც საშუალება აქვს, მოზარდებს სკოლაში კერძო ტრანსპორტით ატარებენ, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც სკოლამდე მისვლა ნატვრად აქვთ ქცეული.
თუ არ გარდაიცვალა ადამიანი, გზას არ აკეთებენ. მოკვდება ვიღაც, ერთ რეის ხრეშს დაყრიან, სასაფლაომდე რომ მიიყვანონ მიცვალებული და მორჩება ყველაფერი. მეწყერული პროცესები ვითარდება და იშლება გზა. ავტობუსი საერთოდ არ დადის. ხანდახან თუ გამოივლიან. ურემი და კაჭკები დადის. ბავშვები ურმით დადიან ხოლმე სკოლაში, პირველყოფილ ცხოვრებას ვუბრუნდებით", - ამბობენ ადგილობრივები.
სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ ის პრობლემები, რასაც ადგილობრივები ყვებიან, რეალურად გამოგონილია, ოპოზიციის თქმით კი ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, როგორ არ ადარდებს ხელისუფლებას ადამიანების ბედი.